Mon 2 May

სასკოლო ოლიმპიადა 2022-ის დაჯილდოების ცერემონია

1 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სასკოლო ოლიმპიადა 2022-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების, ესსეების, სამოქალაქო განათლებისა და სამართლის საფუძვლების კონკურსებში, საპრიზო ადგილების ჩათვლით, სულ 27 მოსწავლე დაჯილდოვდა სხვადასხვა ნომინაციაში.

ოლიმპიადის ყველა გამარჯვებულს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი და სპეციალური პრიზები გადაეცა.

სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში საპრიზო ადგილები თბილისის კლასიკურმა გიმნაზიამ, სოფიკო ჭიაურელის სახელობის 54-ე სკოლამ და გორის მე-2 საჯარო სკოლებმა გაინაწილეს. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პარტნიორმა კომპანია ZEISS-მა გამარჯვებული სკოლები ZEISS-ის ბოლო თაობის მიკროსკოპებით დააჯილდოვა.

სამართლის ტურში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გამარჯვება მოიპოვეს  ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლის, თბილისის კლასიკური გიმნაზიისა და „სკოლა ლომისის 1“-ის მოსწავლეებმა, ხოლო ესსეების კონკურსში – ფოთის მე-3 საჯარო სკოლის, თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლის, თბილისის 171-ე სკოლისა და „ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა.

უნივერსიტეტმა გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგებსა და სკოლებს მადლობის სიგელები და სხვადასხვა პრიზები გადასცა.

ფეხბურთის ჩემპიონატში, „ნიუ ვიჟენ თასის“ გამარჯვებული გახდა ფოთის მე-2 საჯარო სკოლა, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილები ფოთის მე-4 და მე-3 სკოლის გუნდებმა გაინაწილეს.

ნიუ ვიჟენ სასკოლო ოლიმპიადა 2022-ში, რომელიც საქართველოს 8 თვითმმართველ ქალაქში მიმდინარეობდა, 63 სკოლის 250 მოსწავლე მონაწილეობდა.

სასკოლო ოლიმპიადის ჩატარება მომავალ წელს უკვე დაგეგმილია.