პრაქტიკული სამართლისა და უნარ-ჩვევების კლინიკა სკოლის მოსწავლეებისთვის
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა დაიწყო ახალი პროექტი – პრაქტიკული სამართლისა და უნარ-ჩვევების კლინიკა.
კლინიკა გულისხმობს იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების მხრიდან სამართლის თემატიკაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგების ჩატარებას. კურსი გაგრძელდება ერთი სემესტრის განმავლობაში და შეხვედრები გაიმართება ონლაინ ფორმატში. ტრენინგები განკუთვნილია სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებისათვის (მე-9, მე-10, მე-11 კლასები). მაგისტრატურის სტუდენტები სწავლების პრაქტიკული კომპონენტის მისაღებად სამართლის სამივე დარგის (სამოქალაქო, სისხლის, საჯარო) მიმართულებით ჩაატარებენ ტრენინგთა კურსს. ტრენინგების შინაარსი სპეციალურად შემუშავებულია და გათვალისწინებულია ასაკობრივი კატეგორიის სპეციფიკის შესაბამისი მიდგომებით.
ტრენინგთა კურსზე მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ მოსწავლეს, მთავარია, მას ამ სფეროს მიმართ გააჩნდეს ზოგადი ინტერესი და არ არის აუცილებელი, მომავალში, საკუთარ თავს ხედავდეს იურიდიულ სფეროში. მსურველი მოსწავლეებისგან შედგება ერთი ჯგუფი (10-15 მოსწავლე), რომლებმაც სრულად უნდა გაიარონ ეს კურსი, მონაწილეების ცვლილება არ მოხდება.
კურსისა და ტრენინგების ხანგრძლივობა:
1 სემესტრის განმავლობაში ჩატარდება 12 ტრენინგი, თითოეულის ხანგრძლივობა 60-75 წუთი.
სად და როდის ჩატარდება ტრენინგები:
ტრენინგი ჩატარდება ინტენსიურად, მოსწავლეებთან შეთანხმებული გრაფიკით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, ონლაინ ფორმატში. ზოგადი ვითარების გათვალისწინებით დასკვნითი ღონისძიება – იმიტირებული პროცესის სახით შესაძლოა ჩატარდეს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში.
რას მისცემს მოსწავლეს ტრენინგთა კურსი:
ტრენინგთა კურსი არის საგაკვეთილო პროცესისგან განსხვავებული სახალისო ფორმატი, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ თავისუფალ ფორმატში მოისმინონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სამართლის დარგის შესახებ დაგეგმილ ინტერაქტიულ ტრენინგებში. ისინი გაეცნობიან სამართლის სფეროს იმ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს, რომლებიც აუცილებელია თითოეული მოქალაქისათვის და რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი შეგნების საზოგადოების ჩამოყალიბებას. სიღრმისეულ ცოდნასთან ერთად, ისინი შეიძენენ/გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ჯგუფთან და აუდიტორიასთან კომუნიკაციის/მუშაობის, ანალიტიკური აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის კუთხით. ასევე, სამართლებრივ პრობლემატიკაზე მსჯელობისას ისწავლიან კაზუსის ამოხსნის მეთოდიკას.
ტრენინგთა კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა კურსის წარმატებით დახურვის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
გთხოვთ ინტერესი დაგვიდასტუროთ ელექტრონული ფოსტით ან გაგვიზიაროთ დაინტერესებულ მონაწილეთა მონაცემები და ჩვენ თავად დავუკავშირდებით. რეგისტრაცია გაგრძელდება 20 დეკემბრამდე, მონაწილეების შერჩევა მოხდება გამოგზავნილი განცხადების დროის გათვალისწინებით.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.
საკონტაქტო პირი: ნატა ახალაძე
nakhaladze@newvision.ge
597 67 05 00