Wed 11 May

თანამშრომლობა გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობიდან ეთიკურ ლიდერობამდე

ორგანიზაციის მხრიდან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენა შეიძლება მივიჩნიოთ ერთგვარ ეთიკურ ქმედებად და კეთილ ნებად, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ქვეყანაში არსებული სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში თუნდაც მოკრძალებული წვლილის შეტანა.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი 8 წლის წინ არამომგებიანი იურიდიული პირის სტატუსით დაფუძნდა და მას შემდეგ არაერთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი აქვს განხორციელებული.
ჩვენ ახალ რუბრიკაში, გაგაცნობთ ეგრეთწოდებულ CSR პროექტებს და მოგიყვებით ამ პროექტების მიზნებისა და ბენეფიციარების შესახებ.

ვინ ვართ ჩვენ?
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი არაკომერციული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ორიენტირებულია სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებაზე.
უნივერსიტეტის მისიაა ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება განათლების, კვლევისა და სიახლის დანერგვის ხელშეწყობით. უნივერსიტეტი ახალისებს ინდივიდს დახვეწოს და გააზიაროს ცოდნა, უნარები და ღირებულებები.
უნივერსიტეტი მოწოდებულია იყოს ლიდერი თანაბარი შესაძლებლობების განვითარებაზე ზრუნვაში და ამით ხელი შეუწყოს მულტიკულტურული, თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბებას.
უნივერსიტეტის სლოგანია „შთააგონე ზრუნვა.

თანამშრომლობა გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან
2019 წელს, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ეროვნული სასახლის ბაზაზე დაფუძნდა თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (შემდგომში გ.ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი), რომლის ჩამოყალიბების იდეაც ეკუთვნით ახალგაზრდა დირიჟორს მირიან ხუხუნაიშვილსა და მუსიკოსს მიხეილ მდინარაძეს. ორკესტრი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ახალგაზრდა ორკესტრანტების ცხოვრებაში და მათ პროფესიული ორკესტრისთვის ამზადებს.
2021 წელს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და ახალგაზრდულ ორკესტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა მრავალმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ერთობლივმა საგანმანათლებლო მიზნებმა მუსიკის სფეროში, ასევე მუსიკის დახმარებით სხვა სფეროების განვითარების პოპულარიზაციის  იდეამ.
უნივერსიტეტისა და ორკესტრანტების თანამშრომლობამ პანდემიის გამო განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა იმ ფონზე, როდესაც კონცერტების ჩატარებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მუსიკალურ სფეროში მოღვაწე ახალგაზრდებს პროფესიული განვითარების გზაზე დამატებითი ბარიერები შეუქმნა.
უნივერსიტეტში ორკესტრის პირველი საკონცერტო შესრულება ერთი წლის წინ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. შემდგომი შემეცნებითი პროექტები და საფესტივალო ღონისძიებები მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში მუსიკალური ნიჭის აღმოჩენასა და მისი განვითარების მხარდაჭერას.
გამორჩეული მისიის ორკესტრისა და შემოქმედებითი გუნდის პარტნიორობა უნივერსიტეტს ახალგაზრდა მუსიკოსების წახალისების, მათი შემოქმედების დაფასებისა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.

რუბრიკის ავტორია ეკატერინე აზარაშვილი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კანცლერი