მიზნები
- ადრეული გაცნობა: სტუდენტებისთვის პლასტიკურ ქირურგიაში ინტერესის გაღვივება ქართველი და უცხოელი პროფესიონალების მიერ ჩატარებული ლექციებისა და პრაქტიკული სემინარების მეშვეობით.
- ქვესპეციალობების აღმოჩენა: პლასტიკური ქირურგიის ფართო სპექტრის წარმოჩენა და იმ მითის დამსხვრევა, თითქოს იგი მხოლოდ კოსმეტიკურ პროცედურებს მოიცავს.
- კვლევითი თანამშრომლობა: თანამშრომლობითი კვლევითი გარემოს ხელშეწყობა.
- პლასტიკურ ქირურგიასა და სხვა სამედიცინო დარგებს შორის მჭიდრო კავშირების წარმოჩენა: ორთოპედიული ქირურგია, სარძევე ჯირკვლის ქირურგია, ონკოლოგიური ქირურგია, ოფთალმოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, პირისა და სახის ქირურგია, ენდოკრინოლოგია, ფსიქიატრია და სხვა.
აქტივობები
- სტუმარი სპიკერების სესიები, რომელშიც მოწვეული იქნებიან წამყვანი პლასტიკური ქირურგები.
- პრაქტიკული სემინარები და კლინიკური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგები.
- ვებინარები და კონფერენციები, რომლებიც მოიცავს როგორც კლინიკურ, ასევე კვლევით მიმართულებებს პლასტიკურ ქირურგიაში.
- კვლევითი შესაძლებლობები, რომლებიც ემსახურება გამოცდილ პროფესიონალებთან თანამშრომლობით შრომების გამოქვეყნებასა და პრეზენტაციას.
- თანამშრომლობითი ღონისძიებები, რომლებიც სტუდენტებს დარგის ექსპერტებთან დააკავშირებს.
ჩატარებული ღონისძიებები
გაცნობითი შეხვედრა
2024 წლის 14 აპრილს, ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტში გაიმართა პრისას პირველი შეხვედრა.
ღონისძიების ფარგლებში, ორგანიზაციის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა წარადგინეს პრისას მისია და მიზნები, ისაუბრეს დაგეგმილ აქტივობებსა და პლასტიკური ქირურგიითა და მასთან დაკავშირებული დარგებით დაინტერესებული სტუდენტების მხარდაჭერის გზებზე.
ქირურგმა ლიკა კაკაჩიშვილმა სტუდენტებს გაუზიარა პრაქტიკული რჩევები კარიერის დაგეგმვის შესახებ, მიმოიხილა პლასტიკური ქირურგიის სფეროში განვითარების ეტაპები და დარგის სხვა საკვანძო ასპექტები.
ნაკერის დადების ხელოვნება
2024 წლის 1 და 2 ივნისს, პრისას ორგანიზებით ჩატარდა სემინარი სახელწოდებით „ნაკერის დადების ხელოვნება“, რომლის მიზანი იყო სტუდენტთა კლინიკური უნარების გაუმჯობესება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ექიმები _ ლიკა კაკაჩიშვილი, მარიამ ზურაბაშვილი და კოკა გოგიჩაშვილი, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა.
ვორქშოპი სტუდენტებისთვის ღირებული შემეცნებითი გამოცდილება აღმოჩნდა. ღონისძიებამ არა მხოლოდ კლინიკური უნარების გაუმჯობესებას შეუწყო ხელი, არამედ წაახალისა პროფესიული თვითგანვითარება, გუნდური მუშაობა და სწავლისადმი მოტივაცია.

რეკონსტრუქციული ქირურგიის საფუძვლები
2024 წლის 13 ივლისს, ნიუ ვიჟენ ჰელს ჰაბში ჩატარდა სემინარი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სალიმ ალ ლაჰჰამი, პლასტიკური მიკროქირურგიის კონსულტანტი ჰამადის სამედიცინო კორპორაციაში.
სტუდენტებმა შეისწავლეს ხელის ქირურგიისა და კანის დაზიანებების ამოკვეთის ტექნიკები და მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება ინტერაქტიულ გარემოში.

პრისა
პლასტიკური ქირურგია სტუდენტებისთვის საინტერესო დარგია, თუმცა ხშირად ის სათანადოდ არ არის წარმოდგენილი სტანდარტულ საგანმანათლებლო პროგრამებში. იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ წარმოადგენს კურიკულუმის სავალდებულო კომპონენტს, ბევრი სათანადოდ არ იცნობს ამ დინამიკურ დარგს. პრისა სწორედ ამ მიზნით შეიქმნა _ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და სხვა ქართული თუ საერთაშორისო უნივერსიტეტების სტუდენტებს მისცეს პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის საფუძვლიანი გაცნობის შესაძლებლობა. ინიციატივა წარმოადგენს აქტიურ პლატფორმას, რომელიც ამ სპეციალობით დაინტერესებულ სტუდენტებს დარგთან ადრეულ შეხებას სთავაზობს.
პრისას მიზანია, სტუდენტებს შესთავაზოს ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც მათ პლასტიკური ქირურგიის მიმართულებით პროფესიული გამოცდილების გაღრმავებასა და CV-ის გამდიდრებაში დაეხმარებათ, რაც მათ კონკურენტუნარიან კანდიდატებად აქცევს ამ მაღალმოთხოვნად სპეციალობაში.