
პროფესორი
სანდრა ჩისტოლინის ხანგრძლივი და ფართო აკადემიური გამოცდილება აქვს. იგი იტალიის მაჩერატის, პერუჯისა და რომა ტრეს უნივერსიტეტებში განათლებისა და სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულებით ასწავლიდა და მოწვეული პროფესორის რანგში საქმიანობდა ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს შედარებით განათლებას, ინტერკულტურულ განათლებასა და მოქალაქეობრივ განათლებას; მასწავლებელთა პროფესიულ მომზადებასა და გარე განათლებას (outdoor education).
მესამე ათასწლეულის დასაწყისიდან იგი უწყვეტად ახორციელებს პიციგონის მეთოდთან დაკავშირებულ კვლევებსა და სამეცნიერო საქმიანობას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯუზეპინა პიციგონის პირველი მოწაფეების გამოცდილებასა და მათთან კონტაქტს. 2012 წელს მან რომა ტრეს უნივერსიტეტის განათლების დეპარტამენტში დააარსა პიციგონის ფონდი, რომლის მიზანია ჯუზეპინა პიციგონის პედაგოგიკისა და ექსპერიმენტული მეთოდის პოპულარიზაცია. იგი ასევე არის „პიციგონის ფონდის ხელშეწყობის ასოციაციის ETS“ პრეზიდენტი. ორგანიზაციის მიზანია როგორც იტალიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ ჯუზეპინა პიციგონის, მილანში Scuola Rinnovata-ს დამფუძნებლის, მიერ შემუშავებული ექსპერიმენტული მეთოდის თეორიისა და მისი თანამედროვე მნიშვნელობის პოპულარიზაცია. პიციგონის მეთოდი 1911 წლიდან ოფიციალურად არის აღიარებული შესაბამისი სამინისტროების მიერ. იგი კოორდინაციას უწევს და ზედამხედველობს პიციგონის მეთოდთან დაკავშირებულ ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებსა და პარტნიორობებს. ასევე რედაქტორობს სამეცნიერო ჟურნალს „Il Nodo. Per una pedagogia della persona / The Knot: Toward a Pedagogy of the Person“.
სანდრა ჩისტოლინის 500-ზე მეტი ნაშრომი ასახავს მის ფართომასშტაბიან კვლევით საქმიანობას განათლების საკითხების მიმართულებით, რომელიც მოიცავს როგორც პირად გამოცდილებაზე დაფუძნებულ ნაშრომებს, ისე საუკეთესო პრაქტიკის კვლევებს. პედაგოგიური იდენტობის ყველაზე სიღრმისეული კვლევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ისინი გავლენას ახდენენ სკოლის თანამედროვე კონცეფციის ტრანსფორმაციაზე და საფუძველს უყრიან ფართო გავლენის მქონე მეთოდებს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მონოგრაფიები განდის, თაგორის, აურობინდოს, შტაინერის, დონ მილანისა და პიციგონის შესახებ.
პედაგოგიური პერსონალიზმის თეორიულ და კონცეპტუალურ ჩარჩოში, რომელიც არსებობის სულსა და მატერიას ერთმანეთთან აკავშირებს, გამოიკვეთება ისეთი პედაგოგიკის მნიშვნელობა, რომელიც ხელს უწყობს თითოეულ ადამიანში არსებული მრავალმხრივი, დინამიკური, მოქნილი და ტრანსცენდენტული ბუნების გათავისუფლებასა და განვითარებას. არსებობის თეორიასა და პრაქტიკას შორის ურთიერთკავშირი განვითარებულია ინოვაციურ და ორიგინალურ კვლევებში, სადაც ბუნებისა და გამოცდილების ცნებები წარმოადგენს გარე განათლების საფუძველს. გარე განათლება კი განიხილება როგორც მასწავლებელთა პროფესიული მომზადების ახალი და მრავალმნიშვნელოვანი სივრცე.
პუბლიკაციები
Zukunftsperspektiven mit Kindern entwickeln – ein italienisch-deutsches Forschungsprojekt zum historisch-politischen Sachlernen in schulbezogenen Sammlungen (2026);
An epistemology of touching things: Learning to participate in society and culture through interaction with material objects (2025);
Social Marginalization Between Scientific Models and Value Systems (2025);
Giuseppina Pizzigoni's 20th Century Pedagogy of the Kindergarten (2022);
Detailed Archive of the Pizzigoni-Chistolini Collection: Genesis and Development of the Experimental Method in Italian Schools (2022).