
ასოცირებული პროფესორი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
ნინოს პროფესიული ცოდნა, სხვადასხვა დროს, მიღებული აქვს საქართველოს დიპლომატიურ აკადემიაში, ჟენევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, ჯორჯ მარშალის ევროპულ ცენტრში, საერთაშორისო განათლების კანადურ ბიუროში, ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიაში, ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიაში.
იგი იყო საქართველოს ევროპისა და ამერიკის ინსტიტუტის მკვლევარი. პოლიტიკის მეცნიერების და დიპლომატიის განხრით კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში. მინიჭებული აქვს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. არის 8 წიგნის და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში საქმიანობს 1998 წლიდან, სხვადასხვა პოზიციაზე - ამერიკისა და ევროპის დეპარტამენტში, საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში, ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტში. მივლენილი იყო პოლონეთში საქართველოს დიპლომატიურ მისიაში, იყო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, საქმეთა დროებითი რწმუნებული. 2012 წლიდან, 11 წლის მანძილზე, ხელმძღვანელობდა ევროპის დეპარტამენტს. 2023 წლის მარტიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი. არის საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან სტრატეგიული დიალოგის და მაღალი დონის თანამშრომლობის ფორმატების ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილე. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
დაჯილდოებულია შვეიცარიის მთავრობისა და შვეიცარიის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის სპეციალური პრიზით - „საერთაშორისო ურთიერთობებში გამოვლენილი ლიდერობისთვის" (2006 წ.); ღირსების ორდენით - ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი პირადი წვლილისთვის (2012 წ.).