ემანუელე ისიდორი
პროფესორი, განათლების მეცნიერებების მიმართულებით
ემანუელე ისიდორი არის სრული პროფესორი ზოგად და სოციალურ პედაგოგიკაში, პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საკითხებში, მოძრაობის, ჰუმანიტარული და ჯანდაცვის მეცნიერებების დეპარტამენტის ვიცე-დირექტორი და რომის უნივერსიტეტის Foro Italico-ს ზოგადი პედაგოგიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
სოციალური და იურიდიული მეცნიერებების სფეროში ANECA-ს მიერ კვალიფიცირებული პროფესორი, ასევე, გახლავთ იტალიის NADO (WADA) ეთიკის, განათლების, ანტიდოპინგური ტრენინგისა და კვლევის კომიტეტის წევრი (CEFAR). გარდა ამისა, არის რომის უნივერსიტეტის Foro Italico-ს ეთიკისა და სპორტის სამართლის მუდმივი ობსერვატორიის დირექტორი.
ემანუელე ისიდორიმ დოქტორის ხარისხი ფიზიკურ აქტივობასა და ჯანმრთელობაში მადრიდის ალფონსო X უნივერსიტეტში (UAX) მოიპოვა, განათლების მეცნიერებების დოქტორის ხარისხი კი – პერუჯის უნივერსიტეტში. ფლობს რამდენიმე მაგისტრის ხარისხს (საერთაშორისო ურთიერთობები; ზრდასრულთა განათლება; ელექტრონული სწავლება, იტალიური ენისა და კულტურის დიდაქტიკა უცხოელებისთვის; გეოგრაფიული კვლევები, კონსულტაცია). იყო DAAD-ის მკვლევარი ლაიფციგის უნივერსიტეტში (2011), საერთაშორისო ოლიმპიური აკადემიის ლექტორი და კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი (2013 და 2014). 2014 წელს მიენიჭა ASESDECO-Francisco de Vitoria-ს უნივერსიტეტის პრიზი სპორტული პედაგოგიკის დარგში. გახლავთ 300-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი (სტატიები, ესეები, მონოგრაფიები და რედაქტირებული წიგნები).