ლევან ხარატიშვილი

ასოცირებული პროფესორი

ლევან ხარატიშვილი - საერთაშორისოდ აღიარებული კულტურის პოლიტიკის ექსპერტი, მკვლევარი და ინსტიტუციური ლიდერია. მას სახელმწიფო მმართველობის, საერთაშორისო განათლების, კულტურის, მემკვიდრეობისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების სფეროში მოღვაწეობის ორ ათწლეულზე მეტი გამოცდილება აქვს. ამჟამად იგი იკავებს ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის სკოლის დეკანის თანამდებობას.

 

2013-2021 წლებში ლევან ხარატიშვილი იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის პოზიციას. ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა ქვეყნის პირველი მასშტაბური დოკუმენტი - „კულტურის სტრატეგია 2025“, ასევე შემოქმედებითი ინდუსტრიების ეროვნული სტრატეგია და განვითარების საგზაო რუკა. იგი გახლავთ „ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია 2022-2026“-ის ავტორი. როგორც Cultural Policy Designers Network-ის წევრი, რომელიც 20 ევროპული ქვეყნის 35 წამყვან ექსპერტს აერთიანებს, იგი კონსულტაციებს უწევდა 15-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო, არასამთავრობო უწყებებსა და კულტურულ ინსტიტუციებს.

 

ლევან ხარატიშვილი ევროპის საბჭოში არაერთ საპასუხისმგებლო ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა, მათ შორის იყო კულტურის, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის მმართველი კომიტეტის (CDCPP) თავმჯდომარე და კულტურული მარშრუტების პროგრამის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ამჟამად იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა მიმართულების დოქტორანტია; მისი სადოქტორო კვლევა ეხება სახელოვნებო უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციას საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტის გათვალისწინებით.

 

მას აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება, კერძოდ, წლების განმავლობაში იკავებდა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის დირექტორის პოზიციას. ლევან ხარატიშვილი არის New European Bauhaus-ის ინიციატივის ოფიციალური პარტნიორი და გასტრონომიის, კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტის (IGCAT) საკონსულტაციო ფორუმის წევრი.