პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეებსა და ადგილობრივ სასკოლო საზოგადოებაში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მიზნების მისაღწევად საჭირო პროექტების მხარდაჭერა. პროექტი განხორციელდა პროკრედიტ ბანკსა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან პარტნიორობით.
პროექტის მიზნებია:
• გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გარემოს მდგრადობის შესახებ პროექტის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება.
• სკოლებისთვის პლატფორმის შექმნა, რომ დაგეგმონ და განახორციელონ მდგრადი განვითარების მხარდამჭერი პროექტები, რაც სარგებელს მოუტანს მათ სასკოლო საზოგადოებას.
• წაახალისოს თანამშრომლობა სკოლებს, მშობლებს, მასწავლებლებს, ადმინისტრაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის, მდგრადი განვითარების პროექტების განხორციელებისთვის.
პროექტი ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მე-17 მიზნის - პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის მიღწევას. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს მიაჩნია, რომ პოზიტიური ცვლილებები მსოფლიოში და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა მხოლოდ პარტნიორობის გზით არის შესაძლებელი. პროექტი, ერთის მხრივ, პარტნიორობით ხორციელდება, მეორეს მხრივ კი ხელს უწყობს სკოლებს, ჩამოაყალიბონ სასკოლო საზოგადოება, რომელიც მდგრად განვითარებას თანამშრომლობით განხორციელებული პროექტებით უწყობს ხელს. კერძოდ, პროექტის ერთ-ერთი პრინციპი თანამშრომლობის მნიშვნელობა და სკოლებში ჯგუფების შექმნის აუცილებლობაა, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარისგან შედგება, მათ შორის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან. შესაბამისად, პროექტი ხელს უწყობს გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას მიზნებისთვის და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.