პროექტი N° 611570-EPP-1-2019-1-GE-EPPJMO-Chair
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ევროპის კავშირის სამართლის ჟან მონეს კათედრა შეიქმნა ევროპის კავშირის ერაზმუს+ პროგრამის მხარდაჭერით. საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი მნიშვნელოვნად აღრმავებს ამ ორგანიზაციასთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს. შესაბამისად, უფრო დიდია ევროპის კავშირის პოლიტიკისა და ევროპის კავშირის კანონმდებლობის უკეთ გაცნობიერებისა და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება.
ბუნებრივია, რომ ევროპის კავშირისკენ გადადგმული ეს ნაბიჯები ზრდის ევროპული სამართლის მიმართ ინტერესს. სამართლის დაახლოების პროცესი ვერ განხორციელდება სამართლებრივი წესრიგის გააზრების გარეშე. ქართველი სტუდენტებისთვის ევროპის კავშირის სამართალი არის სფერო, რომლის შესწავლა განისაზღვრება ევროპის კავშირის მიმართ არსებულ ზოგად ინტერესთან შერწყმული პრაქტიკული ღირებულებებით.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ევროპის კავშირის სამართლის ჟან მონეს კათედრის შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს ევროპული სამართლის კვლევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და წაახალისოს ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სამართლებრივი საკითხების ანალიზი.
სასწავლო აქტივობები ჩატარდება ლექციებისა და სემინარების სახით. „ევროპის კავშირის სამართლის სამუშაო ფურცლების“ ელექტრონული გამოცემა ემსახურება მიმდინარე კვლევის შედეგების გავრცელებას, იდეების გაცვლისა და აკადემიური დებატების წახალისების მიზნით.
პროექტის ხანგრძლივობაა 4 წელი - 2019-2023 წწ.
ევროპის კავშირის სამართლის ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელია პროფესორი გაგა გაბრიჩიძე.