მულტიმედია ჟურნალიზმი
ეს პროგრამა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, თანამედროვე ურთულეს მედიაასპარეზზე წარმატებით დაიმკვიდრონ ადგილი. დღეს, ამ მულტიდისციპლინარულ საუკუნეში, მედია განსაკუთრებით მრავალმხრივად ითხოვს მასკომუნიკაციის, ჟურნალიტიკისა და სხვა მედიუმებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს. ამ გარემოში „მულტიმედია ჟურნალიზმის“ ეს პროგრამა, მართლაც განსაკუთრებულად აფართოებს შესაძლებლობების არეალს. იგი სტუდენტს საშუალებას აძლევს თავად შეადგინოს ინდივიდუალური პროფილი, აირჩიოს მისთვის საინტერესო მიმართულება მედიაში, და საგნების ერთობლიობაც ამ კონკრეტული მიზნის მიხედვით დააჯგუფოს.
პროგრამა ეფუძნება პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას, სტუდენტების მაქსიმალურ ჩართულობას პროფესიულ საქმიანობაში - იქნება ეს რეალური პრაქტიკული მედიაგარემო თუ კვლევითი საქმიანობა. სტუდენტს შესაძლებობა აქვს, ერთი მხრივ, მასობრივი კომუნიკაციის დღევანდელ მიმართულებებს ჩაუღრმავდეს, მეორე მხრივ კი, მაგალითად, ამბის თხრობის ოსტატობას დაეუფლოს. თანაც დაეუფლოს ერთნაირი წარმატებით - ნებისმიერი სახის ნიუსრუმისთვის, ციფრული პლატფორმისთვის, თუ მარკეტინგული ქოფირაითინგისთვის.
თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, ახალი, მრავალფუნქციური კომუნიკაცია და აზრების გაცვლა, ჟურნალიზმის, ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებასთან კავშირის სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა. ეს შესაძლებლობაც არის და გამოწვევაც, რადგან ასეთ სპევიალისტს სპეციფიკური მომზადება სჭირდება. სწორედ ამ ფართო ასპარეზსა და ამავე დროს, კონკრეტული ინტერესის სფეროს მიხედვით კონცენტრაციის შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს ჩვენი პროგრამა.