ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ მოქმედების პოლიტიკა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ყველა საქმიანობაში ხელმძღვანელობს პატიოსნებისა და გამჭვირვალობის პრინციპებით. ეს პოლიტიკა განსაზღვრავს უნივერსიტეტის მკაცრ პოზიციას ქრთამისა და კორუფციის მიმართ, აყალიბებს დასაშვებ ქცევას საჩუქრებისა და მასპინძლობის საკითხში და ადგენს პასუხისმგებლობებს ინფორმირებისა და აღსრულების მიმართულებით.


1.მიზანი

1.1. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი (ნვუ) საკუთარ საქმიანობას ახორციელებს სამართლიანად, პასუხისმგებლობითა და მისი ღირებულებების შესაბამისად, როგორიცაა — პატიოსნება, სამართლიანობა, ეთიკური ლიდერობა, პროფესიონალიზმი, თანასწორობა და მიუკერძოებლობა.

1.2. დოკუმენტი განსაზღვრავს უნივერსიტეტის პოზიციას ორგანიზებული დანაშაულის ნებისმიერი ფორმის, მათ შორის, კორუფციისა და ქრთამის მიმართ, ადგენს ეთიკური ქცევის მკაფიო მოლოდინებს,  დასაშვები საჩუქრებისა და  პრაქტიკის საზღვრებს ინტერესთა კონფლიქტისა ან არასათანადო ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად.


2. მოქმედების სფერო

2.1. პოლიტიკა ვრცელდება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ყველა წევრზე, მათ შორის:

• აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალზე;

• სტუდენტებსა  და სტაჟიორებზე;

• მმართველი და მრჩეველი ორგანოების წევრებზე;

• სხვა პირებზე, რომლებიც წარმოადგენენ უნივერსიტეტს.

2.2. პოლიტიკა ვრცელდება უნივერსიტეტის ყველა აკადემიურ, სამეცნიერო, ფინანსურ და ადმინისტრაციულ საქმიანობაზე როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.


3. პოლიტიკის განაცხადი

3.1. კორუფცია და ქრთამი ნებისმიერი ფორმით მიუღებელია.

3.2. ნებისმიერ პირს, რომელიც მოქმედებს უნივერსიტეტის სახელით ან წარმოადგენს მას, ეკრძალება ნებისმიერი თანხის, საჩუქრის, მომსახურების ან სხვა სარგებლის შეთავაზება, გადაცემა, მოთხოვნა ან მიღება, რაც მიზნად ისახავს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ან არასამართლიანი უპირატესობის მიღებას.

3.3. ქრთამი და კორუფცია წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ეწინააღმდეგება პატიოსნებისა და სამართლიანობის პრინციპებს, რითიც ხელმძღვანელობს  უნივერსიტეტი.

3.4. პერსონალი, სტუდენტები და პარტნიორები ვალდებულნი არიან იმოქმედონ პასუხისმგებლობით და დაუყოვნებლივ აცნობონ კორუფციის ან ქრთამის შესაძლო შემთხვევა უნივერსიტეტს.


4. ტერმინთა განმარტება

კორუფცია – თანამდებობის, უფლებამოსილების ან რესურსების ბოროტად გამოყენება პირადი სარგებლის მისაღებად.

ქრთამი – მატერიალური ღირებულების მქონე ნივთის, მომსახურების ან სარგებლის შეთავაზება, გაცემა, მოთხოვნა ან მიღება სხვა პირის მოქმედებაზე ან გადაწყვეტილებაზე არასათანადო გავლენის მოსახდენად.

ხელშემწყობი გადასახადი – არაოფიციალური გადახდა, რომლის მიზანია რუტინული პროცესის დაჩქარება, ან პირის მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა; ასეთი მოქმედება აკრძალულია.

ინტერესთა კონფლიქტი – სიტუაცია, როდესაც პირადი ინტერესები შეიძლება შეეჯახოს პროფესიულ მოვალეობებს ან გადაწყვეტილებების ობიექტურობას.

საჩუქრები და მასპინძლობა – კეთილი ნების ან თავაზიანობის გამოხატულება ნივთების ან მომსახურების სახით, რომლებიც შესაძლოა არასათანადო გახდეს, თუ ისინი ქმნის ან ქმნის შთაბეჭდილებას ვალდებულებაზე.


5. აკრძალული ქმედებები

აკრძალულია შემდეგი ქმედებები:

• ნებისმიერი სახის ქრთამის შეთავაზება ან მიღება;

• უნივერსიტეტის რესურსების, თანხების ან უფლებამოსილების პირადი სარგებლისთვის გამოყენება;

• აკადემიური შეფასების, ჩარიცხვის, კვლევის ან შესყიდვების პროცესზე ზემოქმედება პირადი სარგებლის მიზნით;

• თაღლითურ, მოტყუებით ან კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობა ან მხარდაჭერა;

• ინფორმაციის დამალვა ან უგულებელყოფა კორუფციისა და ქრთამის შესაძლო შემთხვევებთან დაკავშირებით.


6. საჩუქრები და მასპინძლობა

ზოგიერთ შემთხვევაში კეთილი ნების მცირე ჟესტები შეიძლება იყოს მისაღები. თუმცა, ისინი ყოველთვის უნდა იყოს ზომიერი, გამჭვირვალე და არ უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის მიზანი.

6.1 მისაღები:

• მცირე სიმბოლური ნივთები ან სუვენირები ოფიციალურ შეხვედრებსა თუ ვიზიტებზე;

• ზომიერი სტუმართმოყვარეობა, როგორიცაა მასპინძლობა აკადემიურ ან პროფესიულ შეხვედრებზე;

• კულტურული ან ცერემონიალური მიზეზით გადაცემული სიმბოლური ნივთები.

6.2 მიუღებელი:

• ნაღდი ფული, სასაჩუქრე ბარათები ან მაღალი ღირებულების ნივთები;

• საჩუქრები ან ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს გადაწყვეტილებების, შეფასებების, კონტრაქტების ან დასაქმების პირობებზე ზეგავლენას;

• პირადი სარგებელი ან მომსახურება პროფესიული უპირატესობის სანაცვლოდ;

• მოგზაურობა ან გართობა, რომელიც არ უკავშირდება უნივერსიტეტის ოფიციალურ საქმიანობას.

თუ საჩუქრის ან მოწვევის შესაბამისობაზე ეჭვი არსებობს, იგი უნდა მიეწოდოს დისციპლინურ კომისიას განხილვისთვის.


7.პასუხისმგებლობა

7.1. ყოველი თანამშრომელი, სტუდენტი და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენელი ვალდებულია დაემორჩილოს ამ პოლიტიკას და ყველა სიტუაციაში იმოქმედოს ეთიკურად.

7.2. კომიტეტების თავმჯდომარეები, დეკანები და მენეჯერები პასუხისმგებლები არიან ეთიკური კულტურის ხელშეწყობაზე და ამ პოლიტიკის ცოდნის გავრცელებაზე საკუთარ ერთეულებში.

7.3. დისციპლინური კომისია უზრუნველყოფს პოლიტიკის შესრულების ზედამხედველობას, შესაძლო დარღვევების განხილვას და გადაწყვეტილებების მიღებას განხილულ შემთხვევებზე.


8. ინფორმირება და დაცვა

8.1. ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს ეჭვი ან ინფორმაცია კორუფციის ან ქრთამის შესახებ, შეუძლია დაუყოვნებლივ მიმართოს:

•დისციპლინურ კომისიას;

•იურიდიულ კომიტეტს;

•საფინანსო და ოპერაციების კომიტეტს.

8.2. შეტყობინებები დამუშავდება კონფიდენციალურად და მოხდება მათი დროული გამოძიება.

8.3. პირები, რომლებიც კეთილსინდისიერად აცნობებენ მსგავს შემთხვევებს, დაცული არიან დევნისა თუ უარყოფით შედეგებისგან.


9.სანქციები

9.1. დარღვევის ტიპიდან გამომდინარე, შედეგები შეიძლება მოიცავდეს:

• დისციპლინურ პასუხისმგებლობას, მათ შორის გათავისუფლებას ან სტუდენტის გარიცხვას;

• ხელშეკრულების ან თანამშრომლობის შეწყვეტას;

• სამართალდამცავი ორგანოებისთვის საქმის გადაცემას.

9.2. უნივერსიტეტი თანამშრომლობს სამართალდამცავ და მარეგულირებელ ორგანოებთან კორუფციისა და ქრთამის საქმეებზე.


10. დასკვნითი დებულებები

10.1. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი დაფუძნებულია ნდობაზე, პატიოსნებაზე და სოციალურ პასუხისმგებლობაზე.

10.2.უნივერსიტეტის ყველა წევრს ეკისრება ვალდებულება დაიცვას ეს ფასეულობები, უარი თქვას კორუფციისა და ქრთამის ნებისმიერ ფორმაზე და იმოქმედოს სამართლიანად, გამჭვირვალედ და პასუხისმგებლობით.