ᲙᲐᲠᲚ ᲪᲐᲘᲡᲘᲡ ᲛᲘᲙᲠᲝᲡᲙᲝᲞᲘᲘᲡ ᲡᲐᲒᲐᲜᲛᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲚᲝ ᲓᲐ ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲗᲘ ᲪᲔᲜᲢᲠᲘ

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში დაარსდა უმაღლესი დონის აპარატურით აღჭურვილი კარლ ცაისის მიკროსკოპული სასწავლო და კვლევითი ლააბორატორია. გერმანიაში არსებულ კარლ ცაისის კომპანიას წარდგენა არ სჭირდება: სხვადასხვა სახის ოპტიკური სისტემების შემუშავებაში ეს კომპანია მსოფლიოში უპირობო ლიდერია. კოსმოსში გაშვებული ობიექტების დიდი ნაწილიც კი, სწორედ კარლ ცაისის აპარატურით არის აღჭურვილი.

ნიუ ვიჟენის კარლ ცაისის ლაბორატორიაში სამეცნიერო კვლევები ოთხი მიმართულებით - ონკოლოგიის, ნეირომეცნიერების, დერმატოლოგიის და გენეტიკის დარგში სრულდება. კვლევებს საერთაშორისო აღიარების პროფესიონალები - უჯრედის ბიოლოგიის და მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტები, მიკროსკოპისტები და გამორჩეული ახალგაზრდა მეცნიერები წარმართავენ.

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიის ინსტრუმენტალებზე წვდომა აქვთ  სტუდენტებს, რომლებიც სუპერრეზოლუციური მიკროსკოპიით, უჯრედული ბიოლოგიით და მოლეკულური ბიოლოგიით არიან დაინტერესებული; ასევე იმ პროფესორებსა და, მეცნიერებს, რომლებიც აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობენ.

ამიერკავკასიაში სუპერრეზოლუციური მიკროსკოპიის განსაკუთრებით ფართო სპექტრი სწორედ ამ ლაბორატორიაშია წარმოდგენილი. კერძოდ,  ამ ეტაპზე აქ არის  სხვადასხვა ტიპის, კარლ  ცაისის ფირმის 15 ოპტიკური მიკროსკოპი, მათ შორის მთავარი - საქართველოში პირველი,  სუპერრეზოლუციური კონფოკალური სისტემა. მომავალში  ხელსაწყოების რიცხვი გაიზრდება; შესაბამისად, ლაბორატორიაში მთელი რიგი უახლესი, მაღალინფორმაციული ტექნიკური მიდგომა და მეთოდი დაინერგება. ნიუ ვიჟენის ინვესტიცია ამ ლაბორატორიის მოსაწყობად ამჟამად 5 000 000 ლარია.

ასეთი ძვირადღირებული ლაბორატორიის მოწყობასთან ერთად, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კარლ ცაისის ლაბორატორია იღებს სამეცნიერო კვლევების უმაღლეს საერთაშორისო დონეზე შესრულების ვალდებულებას. ამასთანავე, პროექტებში ჩართული მეცნიერები  უაღრესად დაინტერესებული არიან, რომ უახლეს პერიოდშივე ლაბორატორიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს.