ᲩᲐᲠᲘᲪᲮᲕᲐ

ინგლისური ენის ფლობის დონის განსაზღვრის წესი

1. ენათა ფლობის ზოგადევროპული კომპეტენციების (CEFR) მიხედვით, ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელია.

ა) Test of English as a Foreign Language (TOEFL iBT) ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი – მინიმუმ 82-ქულიანი შედეგით (ან შესაბამისი ქულა ტესტის სხვა ოფიციალური ფორმატის შემთხვევაში);

ბ) Cambridge English Qualifications – Cambridge B2 First (FCE), C1 Advanced (CAE) ან C2 Proficiency (CPE) – მინიმუმ B2 დონის (Cambridge English Scale - მინიმუმ 160 ქულა) შედეგით;

გ) International English Language Testing System (IELTS) ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი – მინიმუმ 6.0-ქულიანი შედეგით;

დ) ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი სხვა დარგობრივი ან სპეციალიზებული გამოცდის ჩაბარების დოკუმენტი, რომელიც უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ადასტურებს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობას. 

 

2. ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებისაგან თავისუფლდება პირი, რომლის მშობლიური ენა ინგლისურია, ან რომლის კომპეტენციაც დასტურდება:

ა) ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მინიჭებული კვალიფიკაციით ან მინიმუმ ორწლიანი სასწავლო პერიოდის გავლით ქვეყანაში, სადაც როგორც სწავლების/საგამოცდო, ისე კომუნიკაციის ენა ინგლისურია;

ბ) ინგლისური ენის, როგორც ძირითადი უცხოური ენის, მინიმუმ 7 წლის განმავლობაში სწავლით ევროკავშირის და/ან ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

გ) სხვა ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩაბარებული ინგლისური ენის გამოცდით ან შემაჯამებელი შეფასებით, რომელიც შეადგენს საერთო მაქსიმალური შეფასების არანაკლებ 70%-ს; 

დ) უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული წერითი და/ან ზეპირი გამოცდის (გასაუბრების) წარმატებით დაძლევით.

 

3. ინგლისურ ენაში გამოცდის მიზანია პირის ენობრივი კომპეტენციების პროგრამით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება. გამოცდა ემსახურება:

ა) ცოდნის დონის იდენტიფიცირებას, რაც პირს საშუალებას აძლევს, დარეგისტრირდეს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებზე;

ბ) შემდგომი სწავლებისათვის ადეკვატური ჯგუფის შერჩევას, რაც პროგრამით გათვალისწინებული ინგლისური ენის სხვადასხვა საფეხურის კომპონენტებიდან შესაფერისის შერჩევას გულისხმობს; და/ან

გ) უნივერსიტეტის მიერ დამატებითი (კურიკულუმის მიღმა) კომპონენტის შეთავაზების მიზანშეწონილობის განსაზღვრას, თუ კომუნიკაციის კომპეტენციის შესაბამისი დონის მიღწევას მხოლოდ ასეთი სპეციალური კურსის გავლა უზრუნველყოფს (მათ შორის, დარგობრივი ტერმინოლოგიის – მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია და სხვ. – შესწავლის საჭიროების დადგენას).

 

 


დისკრიმინაციისაგან თავისუფალი მიღების პოლიტიკა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მიღების პროცესი სამართლიანი, პატივისცემასა და ინკლუზიურია. უნივერსიტეტის ღირებულებების შესაბამისად, ყველა კანდიდატი ფასდება მხოლოდ მისი აკადემიური მიღწევების, უნარებისა და პოტენციალის საფუძველზე — რასის, ეთნიკური ან ეროვნული კუთვნილების, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის, სოციალური ან ეკონომიკური სტატუსის და სხვა დაცული ნიშნების მიუხედავად. უნივერსიტეტი მიესალმება მრავალფეროვნებას, და უსაფრთხო და პატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოში უზრუნველყოფს თანაბარ წვდომას განათლებაზე.