ᲩᲐᲠᲘᲪᲮᲕᲐ

ინგლისური ენის ფლობის დონის განსაზღვრის წესი

1. ენათა ფლობის ზოგადევროპული კომპეტენციების (Common European Framework of Reference for Languages) მიხედვით, ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელია:

ა) Test of English as a Foreign Language (TOEFL) ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი – ინტერნეტტესტის ჩაბარების შემთხვევაში, მინიმუმ, 87-პუნქტიანი, კომპიუტერული ტესტის ჩაბარების შემთხვევაში, მინიმუმ, 227-პუნქტიანი, ხოლო წერილობითი ტესტის ჩაბარების შემთხვევაში, მინიმუმ, 567-პუნქტიანი შედეგით;
ბ) Cambridge Certificate of Proficiency in English (CPE) ან Cambridge Certificate in Advanced English (CAE), მინიმუმ, B2 დონის შედეგით;
გ) International English Language Testing System (IELTS) ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, მინიმუმ, 6.0 პუნქტიანი შედეგით;
დ) ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი სხვა დარგობრივი ან სპეციალიზირებული გამოცდის ჩაბარების დოკუმენტი, რომელიც აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობას.

2. ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებისაგან თავისუფლდება პირი, რომლის მშობლიური ენა ინგლისურია, ან რომლის კომპეტენციაც დასტურდება:

ა) ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის შედეგად მინიჭებული კვალიფიკაციით ან, მინიმუმ, ორწლიანი სასწავლო პერიოდის გავლით ქვეყანაში, სადაც როგორც სწავლების/საგამოცდო, ისე კომუნიკაციის ენა ინგლისურია;
ბ) ინგლისური ენის, როგორც ძირითადი უცხოური ენის, მინიმუმ 7 წლის განმავლობაში სწავლით ევროპული კავშირის და/ან ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
გ) სხვა ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩაბარებული ინგლისური ენის გამოცდით ან შემაჯამებელი შეფასებით, რომელიც არ უნდა იყოს საერთო შეფასების 70 პროცენტზე ნაკლები;
დ) უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების პროფესორების მიერ ჩატარებული წერითი და/ან ზეპირი გამოცდით (გასაუბრების) დაძლევით.

3. ინგლისურ ენაში გამოცდის მიზანია პირის ენობრივი კომპეტენციების პროგრამით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება. გამოცდა ემსახურება:

ა) ცოდნის დონის იდენტიფიცირებას, რაც პირს საშუალებას აძლევს, დარეგისტრირდეს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებზე;
ბ) შემდგომი სწავლებისათვის ადეკვატური ჯგუფის შერჩევას, რაც პროგრამით გათვალისწინებული ინგლისური ენის სხვადასხვა საფეხურის კომპონენტებიდან შესაფერისის შერჩევას გულისხმობს; და/ან
გ) უნივერსიტეტის მიერ დამატებითი (კურიკულუმის მიღმა) კომპონენტის შეთავაზების მიზანშეწონილობის განსაზღვრას, თუ კომუნიკაციის კომპეტენციის შესაბამისი დონის მიღწევას მხოლოდ ასეთი სპეციალური კურსის გავლა უზრუნველყოფს. შესაძლებელია, ასევე დადგინდეს მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიისა და სხვა საგნების ტერმინოლოგიის შესწავლის აუცილებლობაც.