Fri 18 Dec

შრომითი დავების მართვა და ეფექტური გადაჭრა

შრომითი დავების მართვა და ეფექტური გადაჭრა

საჯარო დაწესებულებებში წარმოქმნილი შრომითი დავების მართვა და ეფექტური გადაჭრა

2017 წლის დეკემბრიდან ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ჩართულია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „საჯარო დაწესებულებებში წარმოშობილი შრომითი დავების მართვა და ეფექტური გადაჭრა“.

ისტორია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ვალდებულება საჯარო მმართვეთველობის სისტემის რეფორმის გასატარებლად. 2015 წელს შემუშავდა „საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020“ ექვსი ძირითადი მიმართულებით: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა, ანგარიშვალდებულება, სახელმწიფო სერვისების მიწოდება, საჯარო ფინანსების მართვა და ადგილობრივი თვითმმართველობა.

გაეროს განვითარების პროგრამამ მრავალწლიანი პროექტით - „საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დახმარებას რეფორმის განხორციელებაში. კერძოდ, პროექტი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრმლობით,  ეხმაურება მკაფიო, წინასწარ განსაზღვრულ საჭროებებს (პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, სამოქალაქო სერვისები და ადამიანური რესურსების მართვა, სახელმწიფო სერვისების მიწოდება) და გზამკვლევის მნიშვნელოვან საკითხებს.

ინიციატივა მიზნად ისახავს რეფორმის ხელშემწყობი ძირითადი ინსტიტუციებისა და პროცესების  მხარდაჭერასა და ფორმირებას კონსულტაციების გზით. ის მიმართულია პროფესიული და თანამედროვე სახელმწიფო სამსახურისა და ადმინისტრაციული მმართველობის გაუმჯობესებისკენ, რათა საქართველოს სახელმწიფო იყოს მოქნილი შიდა და გარე გამოწვევების წინაშე და გაუმჯობესდეს მოქალაქეთა წვდომა საკუთარ უფლებებსა და სახელმწიფო სერვისებზე.

საგრანტო პროექტის მიზნები:

საგრანტო პროექტის მიზანია პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის მომზადება და ამ გზით კვლევებისა და ანალიზის ხელშეწყობა საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ, რაც საჯარო მმართველობის რეფორმის დროული და ეფექტიანი განხორციელების საერთო ინტერესს ემსახურება.

პროექტი მიზნად ისახავს:

  • რეფორმის სისტემატური, რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევის მხარდაჭერას, რათა განისაზღვროს სფეროები, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას.
  • აკადემიურ სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოებაში ექსპერტთა გაძლიერებასა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და სხვა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობას, მიმდინარე რეფორმების გაანალიზების, გაუმჯობესების გზებისა და ინოვაციური მიდგომების შეთავაზების მიზნით.
  • სამოქალაქო სექტორსა და სამთავრობო უწყებებში პრაქტიკოსთა საზოგადოების შექმნას, რომელიც ითანამშრომლებს რეფორმის პოლიტიკის,  კვლევისა და განვითარების მიმართულებით.
  • საუკეთესო, ინოვაციური საერთაშორისო პრაქტიკის აკუმულირებას საჯარო მმართველობის სფეროში.

პროექტის აღწერილობა

პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავდება საჯარო დაწესებულებებში წარმოშობილი შრომითი დავების გადაჭრისას არსებული გამოწვევების პრაქტიკის საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ჩვენთვის ხელმისაწვდომი უახლოესი სტატისტიკის (2016 წლის პირველი 9 თვე) მიხედვით, შრომითი დავების 80% დასრულდა საჯარო მოხელის სასარგებლოდ, რასაც მთელ რიგ არასასურველ შედეგებთან მივყავართ, კერძოდ: გაჭიანურებული შრომითი დავები, ადამიანური რესურსის ხარჯვა, ფინანსური, ადამიანური და რეპუტაციასთან დაკავშირებული შედეგები დავის ადრეული და მშვიდობიანი მართვის სისტემის არარსებობა, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფო მართვის არაეფექტურ განხორციელებას იწვევს.

დავის ალტერნატიული გადაჭრის მეთოდი ხელს შეუწყობს კონფლიქტის უფრო სწრაფად მართვასა და ნაკლებ ხარჯს. მედიაციის პრაქტიკული ღირებულება (ასევე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სხვა ფორმების) დავის ეფექტიანი და თანაბრად დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტის ხელშეწყობაა, რაც უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებაში ურთიერთობების შენარჩუნება-აღდგენასა და ურთიერთპატივისცემისა და ნდობის კულტურის დამკვიდრებას მმართველებსა და დაქვემდებარებულებს შორის.

პოლიტიკის დოკუმენტის მთავარი მიზანია საჯარო დაწესებულებებში  შრომითი დავების გადაჭრის არსებული მდგომარეობის შესწავლა. აღნიშნული საქართველოს მთავრობასა და დონორ ორგანიზაციებს დაეხმარება გაანალიზონ მედიაციისა და დავის ალტერნატიული გადაჭრის მეთოდების როლი საჯარო მმართველობის რეფორმის პროცესში, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მთავარობას დაეხმარება ადამიანური რესურსის ეფექტიან მართვაში, დავის პრევენცია-მართვასა და გადაჭრის პროცესში და საჯარო მოხელეებს შორის თანამშრომლობის კულტურის დამკვიდრებაში.

კვლევა სრული სახით

უნივერსიტეტის კვლევის წარდგენა გაეროს განვითარების პროგრამის გამოფენაზე