ქალთა პერსონალიზებული ჯანმრთელობის პროგრამის პირველი ფაზა დასრულდა
ქალთა პერსონალიზებული ჯანმრთელობის 5-წლიანი პროგრამის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა. პროგრამა, რომელიც 2022 წლის აპრილიდან ხორციელდება, მიზნად ისახავს პროფილაქტიკური კვლევების ჩატარების კულტურის დანერგვას და შემდგომი მკურნალობის ხელშეწყობას ქვეყნის მასშტაბით.
პროექტის დაწყებიდან დღემდე პროფილაქტიკური კვლევების ჩატარების შესაძლებლობა 800-ზე მეტ ქალს მიეცა, მათ შორის სკოლის მასწავლებლებს, რომელთაც სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ ყველა საჭირო გამოკვლევა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სხვადასხვა სახის დაავადების ადრეულ დიაგნოსტირებას, დროულ და ეფექტურ მკურნალობას.
შეგახსენებთ, რომ ქალთა პერსონალიზებული ჯანმრთელობის პროგრამის განხორციელება გაგრძელდება 2027 წლამდე. აღნიშნულის ფარგლებში ყველა ქალს აქვს შესაძლებლობა ჩაიტაროს ენდოკრინოლოგიური, გინეკოლოგიური, დერმატოლოგიური, მამოლოგიური, სტომატოლოგიური, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები და დაგეგმოს ვიზიტი ფსიქოლოგთან. ქალთა პერსონალიზებული ჯანმრთელობის პროგრამა ყველა აუცილებელი სამედიცინო კვლევის ჩატარების საშუალებას ერთ სივრცეში იძლევა. ასევე აღსანიშნავია, რომ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სოციალური კამპანიის ფარგლებში, პროგრამით სარგებლობას 1000 ქალი მასწავლებელი სრულიად უფასოდ შეძლებს.
დეტალური ინფორმაცია: www.newvision.ge/geo/womens-healthcare-program