Fri 17 May

ბოლო ზარი და ევროპის დღეების აღნიშვნა ქუთაისში

15 მაისს, სკოლის მოსწავლეების ბოლო ზარი ქუთაისში ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი საინფორმაციო ღონისძიებითა და ჯგუფ „ოჩოს ქოხის“ კონცერტით აღინიშნა.

„შენგელია არენაზე“ გამართული ღონისძიება ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და „ევროპის“ იდეის უკეთ აღსაქმელად საერთო ღირებულებების გამოკვეთას ემსახურებოდა. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს „ევროპის“, როგორც „თვალსაწიერის გაფართოების“ უალტერნატივო პერსპექტივა და ისაუბრეს ევროპული ინტეგრაციის სიკეთეებზე.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორებმა მოსწავლეებს სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული მოხსენებები წარუდგინეს: ჯეიკობ ფოლ რიიდმა ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში აკადემიური წერის გამოწვევებზე, ხოლო სურეია იგიტმა - საქართველოს ევროინტეგრაციაზე.

დღის დასასრულს მონაწილეები ქუთაისის „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩს დაესწრნენ, რომლის მიმდინარეეობისას ელექტრონულ სარეკლამო ბანერებზე არაერთხელ გამოჩნდა წარწერა „ევროპა თვალსაწიერის გაფართოებაა“.