Invalid Date NaN Invalid Date

მდგრადი განვითარება სკოლებისთვის: პროექტების მართვის ვორქშოპი

19 ივნისს, პროექტის „მდგრადი განვითარება სკოლებისთვის" ფარგლებში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა პროექტების მართვის ვორქშოპს უმასპინძლა.

საპილოტე პროექტში შეირჩა თბილისის ორი სკოლა – ქართველ იუნკერთა სახელობის N52 საჯარო სკოლა და თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა.

პროექტის საწყის ეტაპზე, მონაწილე სკოლებში შეიქმნა მოსწავლეებით, მშობლებით, მასწავლებლებით, ასევე ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფები, რომლებმაც მდგრადი განვითარების მიმართულებით სკოლების საჭიროებები შეისწავლეს.  

ვორქშოფზე ჯგუფებმა სწორედ სკოლების საჭიროებათა ანალიზის პრეზენტაციები წარმოადგინეს და გააზიარეს საკუთარი იდეები, რომელთა პროექტებად გარდაქმნასა და პრეზენტაციის სახით წარმოდგენაზე მენტორების ჩართულობით იმუშავეს.

ვორქშოპის ფარგლებში ასევე გაიმართა ჯგუფური აქტივობები. მათი მიზანი მონაწილეებისთვის პროექტის მართვის პრინციპებისა და სკოლების მდგრადი განვითარების საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა გახლდათ.

ინტენსიური დღის ბოლოს მონაწილეები სერტიფიკატებითა და სხვადასხვა ეკო მეგობრული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების – გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და პროკრედიტ ბანკის წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა.

აღნიშნული ვორქშოპი პროექტის მეორე აქტივობაა. პირველ აქტივობას პროკრედიტ ბანკმა უმასპინძლა, სადაც განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა სკოლებს წარუდგინეს პრეზენტაციები მდგრადობისა და გარემოს დაცვის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ასევე, პროკრედიტ ბანკმა ეკო ტურის ფარგლებში, ვიზიტორებს განახლებადი ენერგიის გამოყენების, ნარჩენების მართვის და პასუხისმგებლიანი მოხმარების მაგალითები გააცნო.