Tue 8 Aug
იურიდიული ეთიკის საზაფხულო სკოლა
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის იურიდიული ეთიკის საზაფხულო სკოლა გამართა.
საზაფხულო სკოლაში სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ოცმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
მონაწილეთა შეფასებები:
ია გორგაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი:
„ჩემთვის, როგორც მომავალი იურისტისთვის, იურიდიული ეთიკა არის ის მთავარი ღირებულება და ამოსავალი წერტილი, რომლის საშუალებითაც უნდა განვახორციელო ჩემი პროფესიული საქმიანობის თითოეული ეტაპი. ამ მიზნის მისაღწევად, იურიდიული ეთიკის საზაფხულო სკოლამ უმთავრესი როლი შეასრულა, ვინაიდან სწორედ ამ სკოლის საშუალებით შევძელი იურიდიული ეთიკის ფართოდ შესწავლა, მკაფიოდ გაანალიზიება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იურისტისთვის პროფესიული ეთიკა. ამ სკოლამ შემძინა ის, რის გარეშეც იურისტის ცხოვრება წარმოუდგენელია - ეთიკური ვალდებულებების სისტემური გაანალიზების შესაძლებლობა.“
ნინო კონცელიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი:
„იურიდიული ეთიკის საზაფხულო სკოლამ სტუდენტებს შესაძლებლობა მოგვცა შევხვედროდით პრაქტიკოს იურისტებს და ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებს, რომლებმაც გაგვიზიარეს მათი ღირებული გამოცდილება. ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა სხვადასხვა თემატიკის ლექციები: ადვოკატთა ეთიკის შესახებ, მედიატორისა და ადვოკატის როლის შესახებ, ფილმების ჩვენება/დისკუსიები და პრაქტიკული სავარჯიშოები. თითოეული შეხვედრა გამოირჩეოდა მრავალფეროვანი აქტივობებით. სტუდენტებს ვურჩევდი, გამოიყენონ მსგავსი შესაძლებლობები, რათა გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარები.“
უტა გოგიძე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი:
„USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ იურიდიული ეთიკის საზაფხულო სკოლაში თითოეული სესია/აქტივობა წარიმართა მაღალკვალიფიციურ ტრენერთა გუნდის მიერ. მათთან ყოველდღიურმა შემხებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავცნობოდით პრაქტიკასა თუ თეორიაში არსებულ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებს. ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ადვოკატის, როგორც უფლებადამცველის მოქმედების თავისუფლება ეთიკურ-სამართლებრივ ჭრილში. აღნიშნულ პროექტში მიღებული ცოდნა წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომლის გამოყენებით შეგვეძლება უკეთ განვსაზღვროთ პროფესიული ეთიკის შესაბამისი საქმიანობის წესები.“