Wed 23 Nov

პრაქტიკული სამართლისა და უნარ-ჩვევების კლინიკა სკოლის მოსწავლეებისთვის

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მოსწავლეების მიღებას პრაქტიკული სამართლისა და უნარ-ჩვევების ტრენინგთა კურსისათვის.

კლინიკის მოკლე აღწერა:

კლინიკა გულისხმობს იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების მხრიდან სკოლის მოსწავლეებისათვის სამართლის თემატიკაზე ტრენინგების ჩატარებას. ტრენინგები განკუთვნილია სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებისათვის (მე-9, მე-10, მე-11 კლასები). მაგისტრატურის სტუდენტები სწავლების პრაქტიკული კომპონენტის მისაღებად სამართლის სამივე დარგის (სამოქალაქო, სისხლის, საჯარო) მიმართულებით ჩაატარებენ ტრენინგთა კურსს. ტრენინგების შინაარსი სპეციალურად შემუშავებულია და გათვალისწინებულია ასაკობრივი კატეგორიის სპეციფიკის შესაბამისი მიდგომები. ტრენინგთა კურსზე მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართულ მოსწავლეს, მთავარია, მას სამართლის სფეროს მიმართ გააჩნდეს ზოგადი ინტერესი, არ არის აუცილებელი მომავალში საკუთარ თავს ხედავდეს იურიდიულ სფეროში. დასწრების მსურველი მოსწავლეებისგან შედგება ერთი ჯგუფი (ჯგუფში საშუალოდ იქნება 10-15 მოსწავლე), რომლის შემადგენლობაც კლინიკის ფარგლებში იქნება უცვლელი, მონაწილეები ერთობლივად, სრულად გაივლიან პრაქტიკული სამართლის კურსს.

კურსისა და ტრენინგების ხანგრძლივობა:

1 სემესტრის განმავლობაში ჩატარდება 10 ტრენინგი, თითოეულის ხანგრძლივობა 60-75 წუთი. კურსის დაწყების სავარაუდო პერიოდია 2022 წლის დეკემბერი. კვირაში ჩაინიშნება 1 ან 2 ტრენინგი (არასაგაკვეთილო პერიოდში).

თემატური მიმართულებები:

სამართლის არსი, ადმიანის უფლებები, კონსტიტუციური სამართალი, სისხლის სამართალი (2 ტრენინგი), სამოქალაქო სამართალი, შრომის სამართალი, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები, არასრულწლოვანთა უფლებები, იმიტირებული პროცესი.

სად და როდის ჩატარდება ტრენინგები:

ტრენინგი ჩატარდება ინტენსიურად მოსწავლეებთან შეთანხმებული გრაფიკით,   შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, ონლაინ ფორმატში, დასკვნითი ღონისძიება – იმიტირებული პროცესის სახით შესაძლოა ჩატარდეს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში.

რას მისცემს მოსწავლეს ტრენინგთა კურსი:

საგაკვეთილო პროცესისგან განსხვავებული თავისუფალი ფორმატის მქონე ტრენინგთა კურსი მოსწავლეებს უქმნის შესაძლებლობას მოისმინონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სამართლის დარგის შესახებ დაგეგმილ ინტერაქტიულ ტრენინგებში. მონაწილეები გაეცნობიან სამართლის სფეროს იმ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს, რომლებიც არსებითია თითოეული მოქალაქისათვის და რომელთა შესწავლაც უზრუნველყოფს მაღალი შეგნების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას. სიღრმისეულ ცოდნასთან ერთად, ისინი შეიძენენ/გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ჯგუფთან და აუდიტორიასთან კომუნიკაციის/მუშაობის, ანალიტიკური აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის კუთხით. ასევე, სამართლებრივ პრობლემატიკაზე მსჯელობისას  ისწავლიან კაზუსის ამოხსნის მეთოდიკას.

ტრენინგთა კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა კურსის წარმატებით გავლის სერთიფიკატი.

კურსზე რეგისტრაცია შეუძლიათ მოსწავლეებს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან.

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2022 წლის 2 დეკემბრისა

ტრენინგთა კურსში მონაწილოება არის უფასო.

საკონტაქტო პირი: ნატა ახალაძე


ელ. ფოსტა: nakhaladze@newvision.ge