ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ახალი პროექტი: „SMART სკოლები მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის”
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი იწყებს პროექტის "SMART სკოლები მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის" განხორციელებას, რომელიც დაფინანსებულია ევროპის საბჭოს მიერ „მოსწავლეთა ხმა - სკოლებსა და ადგილობრივ თემში სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობის მხარდაჭერა“ ინიციატივის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სკოლის მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) და პროექტის მართვის ვორქშოფების მეშვეობით. პროექტი მოიცავს სხვადასხვა აქტივობებს, რომლებიც დაეხმარება სტუდენტებს მიიღონ საჭირო ცოდნა და უნარები, რომ ხელი შეუწყონ მდგრად განვითარებას მათ სკოლაში და მუნიციპალიტეტში.
ინტერაქტიული ვორქშოფების მეშვეობით მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას SDG-ების, პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების შესახებ. მოსწავლეები შექმნიან საპროექტო ჯგუფებს, რომელიც მოიცავს სასკოლო საზოგადოებას - მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის ადმინისტრაციას და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს. ჯგუფები შეიმუშავებენ და განახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას მათ სკოლებში და ადგილობრივ საზოგადოებაში.
პროექტი „SMART სკოლები მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის“ არის უნიკალური შესაძლებლობა სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის გააღრმავონ თავიანთი ცოდნა და უნარები მდგრადი განვითარებისა და პროექტების მართვაში, გაეცნონ მდგრადი განვითარების თემატიკის პროექტების საუკეთესო პრაქტიკას. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ხელს უწყობს პასუხისმგებლიანი მოქალაქეობის და მდგრადობის კულტურას სკოლებსა და ადგილობრივ საზოგადოებებში და მოწოდებულია შექმნას პლატფორმა მოსწავლეების მიერ ინიცირებული პროექტებისათვის, რომლებიც მიმართულია აქტუალური გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გადაჭრისაკენ.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ახალისებს მდგრადი განვითარების აქტივობებს როგორც საუნივერსიტეტო საზოგადოებაში, ისე მის გარეთ. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანგირების - Times Higher Education Impact Rankings-ის 2023 წლის გამოცემაში.
პროექტი "SMART სკოლები მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის" ხორციელდება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ, ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.