Mon 5 Jun

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ახალი პროექტი – „მდგრადი განვითარება სკოლებისთვის"

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა დაიწყო ახალი პროექტი - „მდგრადი განვითარება სკოლებისთვის".

ინიციატივის მიზანი მოსწავლეებში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ მიზნების მისაღწევად საჭირო პროექტების მხარდაჭერაა. პროექტი პროკრედიტ ბანკსა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან პარტნიორობით მიმდინარეობს.

საპილოტე პროექტში ქართველ იუნკერთა სახელობის N52 საჯარო სკოლა და თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა მონაწილეობს. სკოლებში უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც აერთიანებს მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, ასევე ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს. ჯგუფები გაანალიზებენ სკოლების საჭიროებებს მდგრადი განვითარების მიმართულებით, შემდეგ კი წარადგენენ საკუთარ იდეებს, რომელთა რეალურ პროექტებად გარდაქმნაში პარტნიორი ორგანიზაციები დაეხმარებიან.  

პროექტის პირველ აქტივობას პროკრედიტ ბანკმა უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში, განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა სკოლებს წარუდგინეს პრეზენტაციები მდგრადობისა და გარემოს დაცვის საუკეთესო პრაქტიკების შესახებ. პროკრედიტ ბანკმა ეკო ტურის ფარგლებში, ვიზიტორებს განახლებადი ენერგიის გამოყენების, ნარჩენების მართვის და პასუხისმგებლიანი მოხმარების მაგალითები გააცნო.