ადვოკატთა პროფესიული ეთიკის იმიტირებული პროცესები
2020 წლის 5 და 6 დეკემბერს, თბილისში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით, გაიმართა ადვოკატთა პროფესიული ეთიკის რიგით მესამე იმიტირებული პროცესების შეჯიბრი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ავტორიზებულმა საჯარო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებმა. გუნდები წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი უნივერსიტეტებიდან: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი. მონაწილე გუნდებს აფასებდნენ პროფესიული ეთიკის სფეროში მოღვაწე მოწვეული ექსპერტ-მსაჯები, რომელთა შორის იყვნენ როგორც პრაქტიკოსი ადვოკატები, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრები და ეთიკის კომისიის იურისტები. სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, მსაჯებისათვის წინასწარ ცნობილი არ იყო მონაწილე გუნდების უნივერსიტეტების შესახებ.
იმიტირებული პროცესები, Covid-19-ით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
ორგანიზატორი უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, პირველ ტურში დამარცხებული გუნდებიდან გამოვლინდა სპეციალური ნომინაციები, ხოლო ფინალში გადასული ოთხი გუნდიდან გამარჯვებულის გამოვლენის ნაცვლად, ოთხივე ფინალისტ გუნდს გადაეცა სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები - წიგნის მაღაზიის ვაუჩერები. ეს მიდგომა გამოხატავს უნივერსიტეტის კონცეფციას ხელი შეუწყოს იმიტირებულ პროცესებში საგანმანათლებლო მიზნებით მონაწილეობის იდეის პოპულარიზაციას.
ღონისძიება გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).