იმიტირებული დისციპლინური პროცესები არბიტრთა პროფესიულ ეთიკაში
2022 წლის 3-4 დეკემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებითა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად გაიმართა არბიტრთა პროფესიული ეთიკის იმიტირებული დისციპლინური პროცესები.
იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად ექვსი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 26 სტუდენტური გუნდი დარეგისტრირდა. სამოტივაციო წერილების საფუძველზე კი, მონაწილეობისათვის შეირჩა 12 გუნდი (მათ შორის ერთი რეგიონული გუნდი).
3 ნოემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა იმიტირებული დისციპლინური პროცესების მოსამზადებელ ტრენინგს უმასპინძლა, რომელსაც მოწვეული ექსპერტები - ბ-ნი გიორგი კეკენაძე და ბ-ნი ირაკლი კორძახია უძღვებოდნენ. ექსპერტებმა მიმოიხილეს არბიტრაჟის რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩო, არბიტრთა ეთიკის კოდექსი და დისციპლინური წარმოების დებულება; სესიის განმავლობაში ასევე განხილულ იქნა კაზუსი და შეჯიბრის წესები. სესიის ბოლოს კი, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ - ბ-ნმა ჯაბა გველებიანმა ტრენინგის მონაწილეებს არბიტრაჟის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია წარმოუდგინა. ტრენინგს დაესწრნენ 12 სტუდენტური გუნდის წარმომადგენლები შემდეგი უნივერსიტეტებიდან: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსტეტი (ქუთაისი), საქართველოს უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.
პირველად რაუნდებს, რომელიც 3 დეკემბერს გაიმართა 2-2 ექსპერტი უწევდა მსაჯობას. თითოეული სესიის შემდგომ, ექსპერტ-მსაჯებმა გუნდებს დეტალური შეფასება გაუზიარეს. დაგროვებული ქულების შესაბამისად, ფინალურ რაუნდებზე 4 სტუდენტური გუნდი გადავიდა.
ფინალური რაუნდები 4 დეკემბერს გაიმართა. ფინალისტი გუნდები შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდნენ: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ორი გუნდი დამაჯერებელი პრეზენტაციისა და არგუმენტირებული მსჯელობისათვის და ნორმატიული მასალის სწორად გამოყენებისა და რელევანტური პრეცედენტის წარმოდგენისათვის; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი - საუკეთესო გუნდური მუშაობისათვის, ხოლო, საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი - მოწინააღმდეგის არგუმენტების საუკეთესოდ გაბათილებისათვის ფინალური რაუნდების ყველა მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები, იურიდიული ეთიკის სახელმძღვანელო, წიგნების მაღაზიის ვაუჩერები და ბრენდირებული ჩანთები. იმიტირებული პროცესების ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი და იურიდიული ეთიკის სახელმძღვანელო.