ინფორმაცია საქართველოს ვიზის შესახებ
საქართველოში მომავალმა უცხოელმა რომელსაც ესაჭიროება ვიზა, ქვეყანაში შემოსვლამდე უნდა აიღოს იმ კატეგორიის ვიზა რომელიც ყველაზე კარგად შეესაბამება მისი საქართველოში მგზავრობის მიზანს.
საქართველოს ვიზის კატეგორიები
სავიზო განაცხადის წარდგენის პროცესში განმცხადებელმა უნდა აირჩიოს საქართველოში მოგზაურობის სწორი მიზანი, გადაწყვეტილება უნდა მიღებულ იქნეს თვითონ განმცხადებლის მიერ სასურველი ვიზის კატეგორიის (ბინადრობის სტატუსის) მიხედვით. ვიზის კატეგორიები განსზაღვრულია საქართველოს საიმიგრაციო კანონით და განსხვავდება ქვეყანაში მგზავრობის მიზნის მიხედვით. საქართველოს ვიზა იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
დიპლომატიური (A კატეგორია)
სპეციალური (B კატეგორია)
ორდინალური (C კატეგორია)
საიმიგრაციო (D კატეგორია)
ტრანზიტული (T კატეგორია)
ვიზა არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი, ერთჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით. მოკლევადიანი ვიზა გაიცემა საქართველოში ერთჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით, ხოლო გრძელვადიანი – მხოლოდ მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით. ერთჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა უცხოელის მიერ სავიზო განაცხადში მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადით. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა არა უმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. ამასთან, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს.
მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც წინა წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთხელ მაინც იმყოფებოდა საქართველოში და არსებობს მის მიერ მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის მოთხოვნის საფუძველი. წინა წლის განმავლობაში საქართველოში ყოფნის პირობის დაცვა არ მოითხოვება დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, ასევე e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე მრავალჯერადი მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის მიზნებისთვის.
ვიზის მისაღებად გასავლელი პროცედურები
უცხოელი რომელიც საქართველოში შემოსასვლელად სავიზო მოთხოვნებისგან არ თავისუფლდება ვალდებულია ქვეყანაში შემოსვლამდე აიღოს შესაბამისი კატეგორიის ვიზა. საქართველოს ვიზის მიღება შეიძლება, როგორც ”ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის” მეშვეობით ასევე ”ელექტრონული ვიზის პორტალის” მეშვეობით, რაც ვარირებს ვიზიტის მიზნიდან გამოდინარე. სავიზო განაცხადის შევსებისას დოკუმენტების წარდგენა ხდება ვიზის კატეგორიის (ბინადრობის სტატუსის) შესაბამისად.