იურიდიული ეთიკის ინტენსიური კურსი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის (1)
2022 წლის 12-16 სექტემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ბათუმში ჩაატარა იურიდიული ეთიკის ინტენსიური კურსი (crash course). კურსი განხორციელდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ინტენსიური კურსი მიზნად ისახავს დაეხმაროს სტუდენტებს გააცნობიერონ ადვოკატირების პროცესში გადაწყვეტილების მიღების ეთიკური განზომილება და დაეხმაროს მათ დამოუკიდებლად დასახონ იმ პოტენციური ეთიკური საკითხების მართვის გზები, რომლებსაც ისინი შეხვდებიან პრაქტიკაში. კურსი მოიცავს ლექციების სერიას ადვოკატის პროფესიის მარეგულირებელ კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე; მასში მოცემულია საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის რეგულაციების შედარებითი ანალიზი ადვოკატთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებზე.
კურსს უძღვებოდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და ადვოკატი, ქ-ნი ანა ლორია. ინტენსიური კურსი გაიარა ცხრა სტუდენტმა და ორმა სამართლის პროფესორმა.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება ბათუმის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმის უნივერსიტეტში არაერთი საჯარო ლექცია, მრგვალი მაგიდა და დისკუსია გაიმართა.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება ინტენსიური კურსის ჩატარებას ასევე გეგმავს სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებშიც.