Sat 12 Dec

სამომხმარებლო სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები

2020 წლის  26 დეკემბერს დასრულდა სამომხმარებლო სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები. პროექტის ფარგლებში მონაწილეობდნენ საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტის გუნდები. პროექტის პირველ ეტაპზე გუნდებმა სამომხმარებლო სამართლის თემატიკაზე შედგენილ შეჯიბრის პრობლემაზე სამართლებრივი დასკვნები შეადგინეს. სამართლებრივი დასკვნის შედგენის მიზნით, სოფიო ჩაჩავას ხელმძღვანელობით მონაწილე გუნდებს ჩაუტარდათ ტრენინგი სამართლებრივი დასკვნის წერაში.

პროექტის მომდევნო ეტაპი იყო იმიტირებული სასამართლო პროცესები, სადაც  მონაწილე გუნდებს იმავე შეჯიბრის პრობლემაზე, რომელზეც სამართლებრივი დასკვნები შეადგინეს, მოსარჩელე და მოპასუხე მხარის როლები უნდა მოერგოთ. ამ მიზნით, მათ მიერ შედგენილ სამართლებრივ დასკვნებზე დაყრდნობით საპროცესო დოკუმენტები შეადგინეს და იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე შესაბამისი მხარის პოზიციები წარადგინეს. იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე პროექტის  მსაჯები იყვნენ პრაქტიკოსი იურისტები და მოქმედი მოსამართლეები, რომლებმაც იმიტირებული პროცესის დასრულების შემდგომ მონაწილე გუნდებს უკუკავშირი გაუზიარეს. 

პროექტის მომდევნო ეტაპზე ჩატარდა მედიაციის იმიტირებული პროცესები, სადაც იმავე შეჯიბრის პრობლემაზე გუნდები მოემზადნენ მედიაციის პროცესისთვის. კერძოდ, მოირგეს მედიატორისა და მხარეების როლები და ეცადნენ, ეპოვათ გზები მოცემული დავის მორიგებით დასრულების მიზნით. მედიაციის იმიტირებული პროცესის მსაჯები იყვენენ პრაქტიკოს მედიატორები და სხვადასხვა საერთაშორისო მუთებში მონაწილების გამოცდილების მქონე პირები, რომლებმაც მედიაციის პროცესის დასრულების შემდგომ გუნდებს გაუზიარეს უკუკავშირი. 

პროექტის დასრულების შემდგომ, პროექტის თითოეული ეტაპისთვის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული გუნდები გამოვლინდა.