Fri 20 Aug

საზოგადოებრივად სასარგებლო კვლევა "Covid-19-ის გამოწვევები მედიცინაში და მათი გადაჭრის გზები

2021 წლის 17 აგვისტოს, სადოქტორო პროგრამის  სემინარის კომპონენტის  ფარგლებში, გაიმართა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტთა ნაშრომების პრეზენტაცია თემაზე "Covid-19-ის გამოწვევები მედიცინაში და მათი გადაჭრის გზები“.

დოქტორანტმა ირაკლი გახოკიძემ წარმოადგინა ნაშრომი „დაბალი დოზით ფილტვის CT კვლევის პროტოკოლი COVID-19 პნევმონიის დიაგნოსტიკაში“, რომლის მიზანიც COVID-19 პნევმონიის დიაგნოსტიკაში დაბალი დოზით ფილტვის CT კვლევის დიაგნოსტიკური სიზუსტის შედარებაა, სტანდარტული დოზით ფილტვის CT კვლევასთან.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება დაბალი და სტანდარტული დოზით CT გამოსახულებებს შორის, ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-19 პნევმონიის შემთხვევების დიაგნოსტიკაში და რომ COVID-19 პნევმონიისთვის დამახასიათებელი CT ნიშნები, შეიძლება სათანადოდ შეფასდეს დაბალი დოზით CT პროტოკოლის გამოყენებისას, რაც კიბოს მოსალოდნელ რისკს 73%-ით ამცირებს.

დოქტორანტ ვლადიმერ ბაზიაშვილმა წარმოადგინა „COVID-19-ის გავლენის სისტემური მიმოხილვა ნეიროქირურგიულ პრაქტიკაზე”. ნაშრომი ასახავდა იმ სტატიების სისტემურ ანალიზს, რომლებიც აღწერდნენ პანდემიის გავლენას ნეიროქირურგიულ პრაქტიკაზე და სახავენ გზებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს უსაფრთხოდ ნეიროქირურგიული პრაქტიკა ინფიცირებულ პაციენტებში. ავტორის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე რაციონალური, სტრატეგიული სქემა, რომელიც შეიძლება გახდეს სახელმძღვანელო პანდემიის დროს ნეიროქირურგიული პროცედურების განსახორციელებლად.

უნივერსიტეტი მუდმივად ახორციელებს საზოგადოების საკეთილდღეოდ მიმართულ კვლევებს. წარმოდგენილი კვლევები გაგრძელდება უნივერსიტეტის სამეცნიერო  და კლინიკური გუნდის მიერ, მიღებული ადრეული და საბოლოო შედეგები ქვეყნდება საჯაროდ.

დაბალი დოზით ფილტვის CT კვლევის პროტოკოლი COVID-19 პნევმონიის დიაგნოსტიკაში