სასერტიფიკატო კურსი საფეხბურთო გუნდების სამედიცინო პერსონალისთვის
26, 27 და 28 დეკემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კლინიკური უნარების ლაბორატორიისა და ტრენინგ-ცენტრის ორგანიზებით, საფეხბურთო გუნდების სამედიცინო პერსონალის საგანმანათლებლო პროგრამის მორიგი სასერტიფიკატო კურსი გაიმართა.
ტრენინგი დაფუძნებულია როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობაზე და მისი მიზანია საფეხბურთო პრაქტიკაში გადაუდებელი სიტუაციების მართვის ხელშეწყობა. კურსის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობებისა და ტრავმული დაზიანებების დროს დაზარალებულის მართვის უახლეს თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებული გამოცდილება სიმულაციურ სცენარებზე დაყრდნობით შეიძინონ.
კურსის შედეგად გადამზადდა საქართველოს ეროვნული ლიგებისა და ეროვნული ნაკრების 48 სამედიცინო პერსონალი – ექიმები, ფიზიოთერაპევტები და მასაჟისტები. მონაწილეთა წარმატების საშუალო კოეფიციენტმა 78.9% შეადგინა, რაც წინა წლების შედეგებზე მნიშვნელოვნად მაღალია. წარმატებულ კურსდამთავრებულებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისგან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული სერტიფიკატები გადაეცათ.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი საფეხბურთო გუნდების სამედიცინო პერსონალის საგანმანათლებლო პროგრამის ექსკლუზიური პარტნიორია და აღნიშნულ კურსს მესამედ ახორციელებს. კურსი აკრედიტებული გახლავთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიერ.