ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში დაფუძნდა პრაქტიკული უნარების ცენტრი
2022 წლის 16 ნოემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით დაფუძნდა პრაქტიკული უნარების ცენტრი. ცენტრის მიზანია პრაქტიკული უნარების სწავლებისა და განვითარების ხელშეწყობა სამართლის სკოლებში.
აქვე გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე - პრაქტიკული უნარების სწავლება სამართლის სკოლებში. შეხვედრის ფარგლებში პრაქტიკოსმა იურისტებმა, სამართლის სკოლებისა და კლინიკების, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა იმსჯელეს პრაქტიკული უნარების ცალკე ან/და სპეციალურ კურსად სწავლების მნიშვნელობის, ეთიკური რეგულაციების პრაქტიკული უნარების კურსებში ინკორპორირებისა და პრაქტიკული უნარების ინტენსიურ კურსად სამართლის კლინიკებში სწავლების მნიშვნელობის შესახებ. დისკუსიის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა განიხილეს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, როგორც უნივერსიტეტის, ისე დამსაქმებლის პერსპექტივიდან. შეხვედრის ბოლოს შემუშავდა რეკომენდაციები და დაისახა თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.