
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ევროპის საბჭოს „კულტურული მარშრუტების კვლევის საუნივერსიტეტო ქსელს“ შეუერთდა
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ევროპის საბჭოს „კულტურული მარშრუტების კვლევის საუნივერსიტეტო ქსელის“ (University Network for Cultural Routes Studies) წევრი გახდა. ეს გაერთიანება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებს მოიცავს. მისი მთავარი მიზანი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ირგვლივ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება, ინტერდისციპლინარული პროექტების განვითარება და კულტურული მემკვიდრეობის მართვის პოპულარიზაციაა.
ქსელთან თანამშრომლობა ნიუ ვიჟენის ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის სკოლის სტუდენტებსა და მკვლევრებს ევროპულ აკადემიურ სივრცეში უხსნის გზას. მათ საერთაშორისო თანამშრომლობის, ერთობლივი პროექტებისა და სტაჟირებების ახალი შესაძლებლობები ეძლევათ. გარდა ამისა, წევრობა ხელს უწყობს უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი პროგრამების ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას და ქართული კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.
ქსელში ჩართულობა სკოლას საშუალებას აძლევს, ითანამშრომლოს ევროპის წამყვან აკადემიურ დაწესებულებებთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის:
- კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი და პატრიმონიალიზაცია: მემკვიდრეობის დაცვის, კონსერვაციისა და ინტეგრირებული მართვის თანამედროვე მოდელების დანერგვა;
- კულტურული ტურიზმი და ადგილობრივი განვითარება: მდგრადი ტურიზმის სტრატეგიების შემუშავება და კულტურული მარშრუტების გამოყენება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის;
- მემკვიდრეობის ინტერპრეტაცია: კულტურული ძეგლებისა და ისტორიული მარშრუტების თანამედროვე, ტექნოლოგიური და ინტერდისციპლინარული პრეზენტაცია.
ქსელში გაწევრიანება პირდაპირ აისახება სტუდენტების აკადემიურ და პროფესიულ ზრდაზეც. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, გაიარონ პროფესიული პრაქტიკა ლუქსემბურგში, ევროპის კულტურული მარშრუტების ინსტიტუტში (EICR Internship) ან ევროპის საბჭოს მიერ აღიარებულ კულტურულ მარშრუტებზე. ამასთანავე, სტუდენტები შეძლებენ ჩაერთონ ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებულ ერთობლივ საგრანტო პროექტებში. აკადემიური გაცვლითი პროგრამებისა და კვლევითი მხარდაჭერის ფარგლებში, ისინი შეძლებენ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებზე ევროპელ კოლეგებთან ერთად იმუშაონ, ასევე მონაწილეობა მიიღონ ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმებსა და სამუშაო შეხვედრებში. ეს ყოველივე სტუდენტებს ეხმარება, გახდნენ გლობალური პროფესიული წრის ნაწილი და დაამყარონ საქმიანი კავშირები დარგის წამყვან ექსპერტებსა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი დინამიკურად განვითარებადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის მთავარი ღირებულებები მაღალი ხარისხის განათლება, ნოვატორული კვლევები და საერთაშორისო თანამშრომლობაა. უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს სტუდენტზე მორგებული გარემოს შექმნასა და მსოფლიო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციაზე.