
თანამშრომლობა Expertise France-სთან
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და ორგანიზაცია Expertise France-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოში სოციალური დაცვისა და შრომის სფეროებში თანამშრომლობის ჩარჩოს განსაზღვრავს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ბარკალაიამ და საფრანგეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების უწყებათაშორისი სააგენტოს - Expertise France-ს წარმომადგენელმა აუდრიუს ბიტინასმა. ესშეთანხმება ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობას გააღრმავებს.
ორგანიზაცია Expertise France, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ნაწილიც არის. სააგენტო ძირითადად ტექნიკური თანამშრომლობის მიმართულებით მუშაობს და პარტნიორ ქვეყნებს სხვადასხვა სფეროში უწევს დახმარებას , მათ შორის საჯარო პოლიტიკასა და ინსტიტუციურ განვითარებაში. Expertise France საქართველოში 2016 წლიდან საქმიანობს.
მემორანდუმის ფარგლებში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი და Expertise France სოციალური დაცვისა და შრომის საკითხების მიმართულებით ითანამშრომლებენ და ერთმანეთს ცოდნას, გამოცდილებასა და რესურსებს გაუზიარებენ. თანამშრომლობა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს , როგორიცაა: შრომითი ურთიერთობები, მედიაცია, დასაქმებულთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, სოციალური პარტნიორობა, ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობები, ჯანდაცვის სამართალი და სოციალური დაცვა.
დაგეგმილი საქმიანობა ითვალისწინებს ერთობლივ კვლევებსა და პუბლიკაციებს, სამუშაო ჯგუფების შექმნას, სტუდენტებისთვის სასწავლო-საგანმანათლებლო ინიციატივებს, ასევე კონფერენციების, სემინარების, ვებინარებისა და სამუშაო შეხვედრების გამართვას.
მემორანდუმი ხელს შეუწყობს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და Expertise France-ს შორის თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაძლიერებას. ამასთან, ეს პარტნიორობა მხარს დაუჭერს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას, სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებასა და შრომის სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებას.