Sun 2 Aug

შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2026

13-19 ივლისს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკის კვლევებისა და ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტმა (IPRES), ევროპის განათლების საერთაშორისო ცენტრთან (CIFE, საფრანგეთი) თანამშრომლობით, გამართა შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2026, თემაზე - „უსაფრთხოების გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში.“

ერთობლივმა პროგრამამ გააერთიანა 30-ზე მეტი პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტი და საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ერთკვირიანი პროგრამის განმავლობაში მონაწილეები შეხვდნენ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებს და იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგანან  შავი ზღვის ქვეყნები რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე.

სესიები დაეთმო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებს, მათ შორის:

  • შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფოების ხედვები;
  • ევროკავშირისა და ნატოს პოლიტიკა რეგიონში;
  • საქართველოს შავი ზღვის სტრატეგია;
  • ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადობის გამოწვევები.

BSSU 2026-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული ლექტორები: პროფ. ბენედიქტ ჰარზლი,  გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია; პროფ. დოქტ. ჩიღდემ უსთუნი, სტამბოლის ნიშანთაშის უნივერსიტეტი, თურქეთი; მისი აღმატებულება რაზვან როტუნდუ, რუმინეთის ელჩი საქართველოში; პროფ. გვანცა დავითაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი; პროფ. მადლენ უბენი,  HEC Liège, ბელგია; მეგი ბენია, ჟურნალ „New Eastern Europe“-ის მოწვეული რედაქტორი; კახა გოგოლაშვილი, უფროსი მკვლევარი და ევროკავშირის კვლევების ცენტრის დირექტორი, რონდელის ფონდი; არიზ ჰუსეინოვი, ბაქოს უნივერსიტეტი, აზერბაიჯანი.