Tue 16 Jun

განაცხადების მიღება დაიწყო - შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2026

დაიწყო განაცხადების მიღება შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2026-ში (BSSU2026) მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა, სახელწოდებით „უსაფრთხოების გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში“, 2026 წლის 13-19 ივლისს, თბილისში გაიმართება.

BSSU2026 ერთობლივად ხორციელდება ევროპული განათლების საერთაშორისო ცენტრისა (CIFE - Centre International de Formation Européenne, საფრანგეთი) და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკის კვლევებისა და ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის (IPRES) მიერ. პროგრამა განკუთვნილია როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის.

საზაფხულო უნივერსიტეტი მონაწილეებს სთავაზობს აკადემიურ კურსს პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მომიჯნავე დისციპლინების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები დაესწრებიან ინტერაქტიულ ლექცია-სემინარებს და  ჩაერთვებიან ექსპერტებთან დისკუსიებში. აკადემიურ კომპონენტებთან ერთად, პროგრამა მოიცავს კულტურულ ნაწილსა და ექსკურსიას.

პროგრამა ფოკუსირდება შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის:

  • შავი ზღვის სახელმწიფოების პერსპექტივები;
  • ევროკავშირისა და ნატოს პოლიტიკა რეგიონში;
  • საქართველოს შავი ზღვის სტრატეგია;
  • ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადობის გამოწვევები.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ 4.5 ECTS კრედიტი.

თარიღი: 13-19 ივლისი, 2026.
მდებარეობა: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, თბილისი.
სამუშაო ენა: ინგლისური.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 22 ივნისი, 2026.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: [email protected]