
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა SAP Community-სთან ერთად ტექნოლოგიური აქტივობების კვირეული ჩაატარა
20-24 აპრილს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა SAP Community-სთან თანამშრომლობით ტექნოლოგიური აქტივობების კვირეულს უმასპინძლა, რომელიც SAP Meetup Tbilisi-ით დასრულდა. ღონისძიებამ ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირები და ინდუსტრიის პროფესიონალები ერთ სივრცეში გააერთიანა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ SAP ეკოსისტემის მნიშვნელობას გლობალურ ბიზნესში, მოესმინათ ინდუსტრიის წარმომადგენლების პრაქტიკული გამოცდილება და დაემყარებინათ ახალი პროფესიული კონტაქტები. ღონისძიებამ შექმნა პლატფორმა აქტიური დისკუსიებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
კვირეულის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო 5-დღიანი სასერტიფიკატო კურსი – Career Launchpad for the SAP Ecosystem, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ Enterprise ტექნოლოგიებს, ციფრული ტრანსფორმაციის თანამედროვე ტენდენციებსა და SAP გადაწყვეტილებების პრაქტიკულ გამოყენებას სხვადასხვა ინდუსტრიაში. ტრენინგს უძღვებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება და SAP-ში კარიერული განვითარების შესაძლებლობები.
ინიციატივის მიზანი იყო შესაძლებლობის შექმნა ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებისთვის, დაახლოებოდნენ გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემასა და განევითარებინათ თანამედროვე პროფესიული უნარები.