Fri 29 May

ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ვორქშოფები და პრეზენტაციები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტს (GSU) შორის პარტნიორობის ფარგლებში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა უმასპინძლა მოწვეულ ამერიკელ ექსპერტებს — პროფესორ კლარკ ქანინგემსა და დოქტორ დენიელ ქუიგინს, რომლებმაც ჩაატარეს ვორქშოფების, პრეზენტაციებისა და აკადემიური შეხვედრების სერია.

ვიზიტი განხორციელდა უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (UCBP) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ და ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებთან თანამშრომლობით.

ერთკვირიანი ვიზიტის განმავლობაში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ დისკუსიებში თანამედროვე იურიდიული განათლებისა და პრაქტიკისთვის აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, სამართლებრივი ანალიტიკა, სამართლებრივი ტექნოლოგიები, იურიდიული ეთიკა, პროფესიული უნარები და სწავლების მიდგომები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.

დოქტორმა დენიელ ქუიგინმა ჩაატარა სესიები მანქანური სწავლების საფუძვლების, სამართლებრივი ანალიტიკის, ხელოვნური ინტელექტისა და სამართლებრივი ტექნოლოგიების, კონტექსტის ინჟინერიის, ასევე იურიდიულ განათლებასა და შეფასებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ. პროფესორმა კლარკ ქანინგემმა კი მონაწილეობა მიიღო იურიდიული ეთიკის, პროფესიული პასუხისმგებლობის, კლიენტთა მოლოდინებისა და პრაქტიკული სამართლებრივი უნარების განვითარების საუკეთესო პრაქტიკებთან დაკავშირებულ დისკუსიებში.

ვორქშოფები ხელს შეუწყობს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის აკადემიურ გაცვლას, კურიკულუმის განვითარებას, სწავლა-სწავლების მიდგომების გაძლიერებასა და იურიდიულ განათლებაში ინოვაციების დანერგვას.