Tue 7 Apr

ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის სკოლის დეკანი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის სკოლის დეკანად არჩეულია ლევან ხარატიშვილი. 

იგი კულტურის პოლიტიკისა და განათლების საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტია, მკვლევარი და ინსტიტუციური ლიდერი სახელმწიფო მმართველობის, კულტურის, მემკვიდრეობისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მართვის ოც წელზე მეტი გამოცდილებით.

2013-2021 წლებში ლევან ხარატიშვილი იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის პოზიციას. მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა ქვეყნის პირველი მასშტაბური „კულტურის სტრატეგია 2025“, შემოქმედებითი ინდუსტრიების ეროვნული სტრატეგია და განვითარების საგზაო რუკა. მას ასევე ეკავა არაერთი საპასუხისმგებლო პოზიცია ევროპის საბჭოში, მათ შორის, იყო კულტურის, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის მმართველი კომიტეტის (CDCPP) თავმჯდომარე და კულტურული მარშრუტების პროგრამის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

ამჟამად იგი New European Bauhaus-ის ინიციატივის ოფიციალური პარტნიორი და გასტრონომიის, კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტის (IGCAT) საკონსულტაციო ფორუმის წევრია.