
სტრატეგიული პარტნიორობა SAP-თან
17 სექტემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა ოფიციალურად გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გერმანულ კომპანიასთან Systems, Applications, and Products in Data Processing (SAP), რომელიც მსოფლიოში ლიდერია კორპორაციული აპლიკაციების პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი გახდა SAP-ის პირველი პარტნიორი უნივერსიტეტი საქართველოში.
SAP-ის სისტემები საშუალებას აძლევს კომპანიებს ეფექტურად მართონ ფინანსები, ადამიანური რესურსები, წარმოება, ლოგისტიკა, მიწოდების ჯაჭვი და სხვა ბიზნეს პროცესები. დღეს SAP-ის სერვისებს მილიონობით კომპანია იყენებს მსოფლიოს გარშემო, რათა გაზარდონ პროდუქტიულობა და გააუმჯობესონ გადაწყვეტილების მიღების პროცესები.
SAP-ისა და NVU-ს თანამშრომლობა მიზნად ისახავს, აღჭურვოს მომავალი ბიზნეს ლიდერები ისეთი თანამედროვე ციფრული უნარებითა და პრაქტიკული ინსტრუმენტებით, რომელსაც გლობალური კომპანიები იყენებენ.
პარტნიორობის ფარგლებში, NVU-ის აკადემიური პერსონალი გაივლის სპეციალიზებულ SAP-ს ტრენინგებს, რაც მათ საშუალებას მისცემს დააინტეგრირონ SAP-ის პროდუქტები თავიანთ სასწავლო პროგრამებში. სტუდენტები იმუშავებენ SAP-ის ბიზნეს აპლიკაციებთან, მათ შორის საწარმოს რესურსების დაგეგმვის (ERP), ფინანსების, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის, მონაცემთა ანალიზისა და ციფრული ტრანსფორმაციის მოდულებთან. გლობალური სტანდარტის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება NVU-ის სტუდენტებს უკეთ მოამზადებს, აკმაყოფილებდნენ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ამასთანავე, ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას როგორც ქართულ, ასევე, საერთაშორისო ბიზნესებში.
ინიციატივა გამოხატავს NVU-ის მზაობას, მეტად დააკავშიროს აკადემია და ბიზნეს ინდუსტრია ერთმანეთთან. პარალელურად კი, სწრაფად განვითარებად გლობალურ ეკონომიკაში, სტუდენტებს აძლევს ახალ შესაძლებლობებს სწავლის, ინოვაციების და პროფესიული წარმატებისთვის.