Thu 20 Feb
მრგვალი მაგიდა თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება და დეონტოლოგიური ვალდებულებები“
2020 წლის 18 თებერვალს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება და დეონტოლოგიური ვალდებულებები“. დისკუსია შეეხო მოსამართლის და ადვოკატის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლებს, მათზე დაკისრებული პროფესიული ვალდებულებების გამო. განხილული იყო მოსამართლის ან ადვოკატის მხრიდან საჯაროდ, მათ შორის, ტელევიზიის ან სოციალური ქსელის მეშვეობით, მოსაზრებების გავრცელება მართლმსაჯულებისადმი ნდობის შენარჩუნების, კოლეგიალობის, პროცესის მონაწილეთა პატივისცემის, დამცირების ან დისკრიმინაციის დაუშვებლობის და სხვა ეთიკური ვალდებულებების ჭრილში, მოსამართლის და ადვოკატის პროფესიის სპეციფიკის გათვალისწინებით.
დისკუსიას, მრგვალი მაგიდის ფორმატში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ქალბატონი ეკატერინე გასიტაშვილი, იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელი - სოფიო ჩაჩავა და ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და იურიდიული ეთიკის მიმართულების ექსპერტი - ირაკლი კორძახია გაუძღვნენ.
ღონისძიებას უმასპინძლა უზენაესმა სასამართლომ და მასში მონაწილეობა მიიღეს პროფესორ-მასწავლებლებმა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
მრგვალი მაგიდა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).