Mon 3 Feb
მრგვალი მაგიდა თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება და დეონტოლოგიური ვალდებულებები“
2020 წლის 18 თებერვალს, 19:00 საათზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება მართავს მრგვალ მაგიდას თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება და დეონტოლოგიური ვალდებულებები“. დისკუსია შეეხება მოსამართლის და ადვოკატის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლებს, მათზე დაკისრებული პროფესიული ვალდებულებების გამო. განხილული იქნება მოსამართლის ან ადვოკატის მხრიდან საჯაროდ, მათ შორის, ტელევიზიის ან სოციალური ქსელის მეშვეობით მოსაზრებების გავრცელება მართლმსაჯულებისადმი ნდობის შენარჩუნების, კოლეგიალობის, პროცესის მონაწილეთა პატივისცემის, დამცირების ან დისკრიმინაციის დაუშვებლობის და სხვა ეთიკური ვალდებულებების ჭრილში მოსამართლის და ადვოკატის პროფესიის სპეციფიკის გათვალისწინებით.
დისკუსიას, მრგვალი მაგიდის ფორმატში, გაუძღვებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ქალბატონი ეკატერინე გასიტაშვილი, იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელი - სოფიო ჩაჩავა, თანახელმძღვანელი - ანა ლორია და ექსპერტი ირაკლი კორძახია.
ღონისძიება გაიმართება უზენაეს სასამართლოში და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ იმ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში იურიდიული ეთიკის კურსს უძღვებიან.
დისკუსიაში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. ადგილები შეზღუდულია, ამიტომ უპირატესობა მიენიჭება პირველად რეგისტრირებულ 10 მონაწილეს.
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdkPjy8GH28uv7JVbtd9lGJptCENlKkbvGer9hmP_kALUs3Xw/viewform
მრგვალი მაგიდა იმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).