Wed 29 Dec
დისტანციური პრაქტიკული კურსი იურიდიული ეთიკის კლინიკაში
2021 წლის 2 დეკემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ გამოაცხადა კონკურსი იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის იურიდიული ეთიკის კლინიკის სამ თვიან კურსში (2022 წლის იანვარი – მარტი) მონაწილეობის მისაღებად. კურსისათვის შეირჩა 12 სტუდენტი, რომლებიც წარმოადგენენ შემდეგ უნივერსიტეტებს:
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი;
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA);
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
იურიდიული ეთიკის დისტანციური პრაქტიკული კურსი დაიწყება 2022 წლის 6 იანვარს და გაგრძელდება 2022 წლის 31 მარტამდე. პრაქტიკულ კურსს გაუძღვება ქ-ნი ანა ლორია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის არჩეული წევრი, ადვოკატი, იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი.
იურიდიული ეთიკის კლინიკის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს; შეისწავლონ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის პრაქტიკა, რომელიც ადვოკატთა პროფესიულ ეთიკას უკავშირდება. სტუდენტები შეიმუშავებენ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მოკლე მიმოხილვებს, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების მოკლე მიმოხილვებს, რომლებიც განთავსდება იურიდიული ეთიკის მიმართულების ონლაინ პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. კლინიკის ფარგლებში, სტუდენტები ასევე დაეუფლებიან გადაწყვეტილების/რეკომენდაციების წერის უნარებს. იურიდიული ეთიკის კლინიკის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი.