Mon 13 Jun

პრაქტიკული კურსი იურიდიული ეთიკის კლინიკაში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება აცხადებს კონკურსს იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის მეოთხე კურსის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის იურიდიული ეთიკის კლინიკის კურსში მონაწილეობის მისაღებად.  კურსი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მიმდინარე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში (USAID Rule of Law Program). კურსის ფორმატი იქნება ჰიბრიდული, რაც მოიცავს როგორც ონლაინ, ასევე, პირისპირ შეხვედრებს. იურიდიული ეთიკის პრაქტიკულ კურსს გაუძღვება ქ-ნი თამარ ხუბულური, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის აპარატის უფროსი იურისტი და ქ-ნი ანა ლორია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი. იურიდიული ეთიკის კლინიკის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს; შეისწავლონ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის პრაქტიკა, რომელიც ადვოკატთა პროფესიულ ეთიკას უკავშირდება. სტუდენტები შეიმუშავებენ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მოკლე მიმოხილვებს, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების მოკლე მიმოხილვებს, რომლებიც განთავსდება იურიდიული ეთიკის მიმართულების ონლაინ პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. კლინიკის ფარგლებში, სტუდენტები ასევე დაეუფლებიან გადაწყვეტილების/რეკომენდაციების წერის უნარებს. იურიდიული ეთიკის კლინიკის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი. დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2022 წლის 30 ივნისამდე. იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.