Wed 25 Mar

დისტანციური პრაქტიკული კურსი იურიდიული ეთიკის კლინიკაში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება აცხადებს კონკურსს იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტებისათვის და მაგისტრანტებისთვის იურიდიული ეთიკის კლინიკის ოთხ თვიან კურსში მონაწილეობის მისაღებად. კურსის ფორმატი იქნება დისტანციური. თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის პოზიტიურად შეცვლასთან ერთად, შესაძლებელი იქნება ყოველკვირეული შეხვედრების და ჯგუფური განხილვების ორგანიზება. იურიდიული ეთიკის პრაქტიკულ კურსს გაუძღვებიან ქ.-ნი თამარ ხუბულური, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის უფროსი იურისტი, იურიდიული ეთიკის მიმართულების მკვლევარი და ქ-ნი ანა ლორია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის არჩეული წევრი, იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი. იურიდიული ეთიკის კლინიკის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს; შეისწავლონ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის პრაქტიკა, რომელიც ადვოკატთა პროფესიულ ეთიკას უკავშირდება. სტუდენტები შეიმუშავაბენ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მოკლე მიმოხილვებს, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების მოკლე მიმოხილვებს, რომლებიც განთავსდება იურიდიული ეთიკის მიმართულების ონლაინ პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. კლინიკის ფარგლებში, სტუდენტები ასევე დაეუფლებიან გადაწყვეტილების/რეკომენდაციების წერის უნარებს. იურიდიული ეთიკის კლინიკის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი. დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა 2020 წლის 7 აპრილამდე.  პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).