![](https://api.newvision.ge//media/ypuieiql/new-vision-university-0-0-0-0-1615466233.jpg)
Sun 7 Feb
დისტანციური პრაქტიკული კურსი იურიდიული ეთიკის კლინიკაში
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება აცხადებს კონკურსს იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის იურიდიული ეთიკის კლინიკის ოთხ თვიან კურსში მონაწილეობის მისაღებად. კურსის ფორმატი იქნება დისტანციური, რაც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს სხვადასხვა რეგიონიდან ჩაერთონ კლინიკის საქმიანობაში.
იურიდიული ეთიკის პრაქტიკულ კურსს გაუძღვებიან ქ.-ნი თამარ ხუბულური, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის აპარატის უფროსი იურისტი, იურიდიული ეთიკის მიმართულების მკვლევარი და ქ-ნი ანა ლორია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის არჩეული წევრი, იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი.
იურიდიული ეთიკის კლინიკის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს; შეისწავლონ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის პრაქტიკა, რომელიც ადვოკატთა პროფესიულ ეთიკას უკავშირდება. სტუდენტები შეიმუშავებენ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მოკლე მიმოხილვებს, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების მოკლე მიმოხილვებს, რომლებიც განთავსდება იურიდიული ეთიკის მიმართულების ონლაინ პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. კლინიკის ფარგლებში, სტუდენტები ასევე დაეუფლებიან გადაწყვეტილების/რეკომენდაციების წერის უნარებს, მონაწილეობას მიიღებენ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის საკითხებზე წარმართულ იმიტირებულ პროცესში. იურიდიული ეთიკის კლინიკის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა 2021 წლის 24 თებერვლამდე.
პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის
პროგრამის ფარგლებში – კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).