Sun 28 Nov
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის იმიტირებული დისციპლინური პროცესები
2021 წლის 27 და 28 ნოემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით გაიმართა ადვოკატთა პროფესიული ეთიკის რიგით მეოთხე იმიტირებული დისციპლინური პროცესები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ავტორიზებული საჯარო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებმა. გუნდები წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი უნივერსიტეტებიდან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. მონაწილე გუნდებს აფასებდნენ პროფესიული ეთიკის სფეროში მოღვაწე ექსპერტ-მსაჯები, რომელთა შორის იყვნენ როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრები და ეთიკის კომისიის იურისტები, ასევე პრაქტიკოსი ადვოკატები. სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, მსაჯებისათვის წინასწარ ცნობილი არ იყო მონაწილე გუნდების უნივერსიტეტების შესახებ.
იმიტირებული პროცესები, Covid-19-ით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ონლაინ რეჟიმში წარიმართა.
ორგანიზატორის გადაწყვეტილებით, იმ გუნდებს, რომლებიც ვერ გადავიდნენ ფინალურ რაუნდებში, მიენიჭათ სპეციალური ნომინაციები, ხოლო ფინალში გადასული ოთხი გუნდიდან გამარჯვებულის გამოვლენის ნაცვლად, ოთხივე ფინალისტ გუნდს გადაეცათ სერტიფიკატები ფინალში მოპოვებული წარმატებისათვის და პრიზები – წიგნის მაღაზიის ვაუჩერები. ღონისძიების ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა იურიდიული ეთიკის სახელმძღვანელო.
ღონისძიება გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში – კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).