Sun 18 Nov

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნული შეჯიბრი

16-18 ნოემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური იმიტირებული შეჯიბრი ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. 16 ნოემბერს, შეჯიბრის ორგანიზატორებმა მონაწილე გუნდებისათვის ჩაატარეს მოსამზადებელი ტრენინგი, სადაც განიხილეს შეჯიბრის კონცეფცია, წესები და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ძირითადი პრინციპები. შეჯიბრის პირველადი რაუნდები გაიმართა, 17 ნოემბერს, სადაც ეთიკის კომისიის იმიტირებულ პროცესზე საკუთარი პოზიციები წარადგინა ყველა გუნდმა. 18 ნოემბერს კი ფინალში გადასულმა ოთხმა გუნდმა იასპარეზა. მონაწილე გუნდებს აფასებდნენ პროფესიული ეთიკის სფეროში მოღვაწე მოწვეული ექსპერტ-მსაჯები. სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, მსაჯებისათვის წინასწარ ცნობილი არ იყო მონაწილე გუნდების უნივერსიტეტების შესახებ. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები არ გამოვლენილან და ფინალისტ გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატები ფინალში მოპოვებული წარმატებისათვის. სხვა მონაწილე გუნდებს შორის კი განაწილდა სპეციალური ჯილდოები: კლიენტის ინტერესების საუკეთესოდ წარმოჩენის, ეთიკის კომისიის პრაქტიკის ეფექტიანად გამოყენებისა და საწინააღმდეგო არგუმენტების საუკეთესოდ გაბათილებისათვის. ეს მიდგომა გამოხატავს უნივერსიტეტის კონცეფციას ხელი შეუწყოს იმიტირებულ შეჯიბრებში საგანმანათლებლო მიზნებით მონაწილეობის იდეის პოპულირაზაციას. შეჯიბრი გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).