Thu 9 May
იურიდიული ეთიკის საერთაშორისო ექსპერტის ჯეიმს მოლიტერნოს სასწავლო კურსი
6-9 მაისს, იურიდიული ეთიკის საერთაშორისო ექსპერტმა, ვაშინგტონისა და ლის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა ჯეიმს მოლიტერნომ უნივერსიტეტში იურიდიული ეთიკის ერთკვირიანი კურსი ჩაატარა.
კურსის ფარგლებში პროფესორმა სტუდენტებს პროფესიული ეთიკის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო, როგორებიცაა: ადვოკატის, პროკურორისა და მოსამართლის როლი, კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობის დასაწყისი და დასასრული, კლიენტთან გასაუბრება და კონფიდენციალობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში კლიენტის თანამონაწილეობა და სხვა საკითხები. კურსი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებთან ერთად, სხვა უნივერსიტეტების სამართლის სკოლების სტუდენტებმაც გაიარეს. წარმატებულ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
სასერტიფიკატო კურსი უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით გაიმართა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის მეშვეობით - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).