ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მიზნად ისახავს ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოებას განათლების, კვლევისა და სიახლის დანერგვის ხელშეწყობით. უნივერსიტეტის სლოგანია „შთააგონე ზრუნვა“ და ის ახალისებს ინდივიდებს, დახვეწოს და გააზიაროს ცოდნა, უნარები და ღირებულებები საზოგადოების საკეთილდღეოდ. ნვუ იზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას და ხელს უწყობს განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.

ნვუ დაარსდა 2013 წელს და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინტერნაციონალიზაციის დონის მქონე უნივერსიტეტია რეგიონში.  უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მესამედზე მეტი უცხოელია, 5000 ზე მეტი სტუდენტი და კურსდამთავრებული კი 90 ქვეყნიდან არის წარმოდგენილი.

უნივერსიტეტში 7 სკოლაა, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიან და სადოქტორო პროგრამებს: სამართლის, ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების, პოლიტიკისა და დიპლომატიის, მედიცინის, სტომატოლოგიის, მედიისა და კომუკაციების, სპორტის მეცნიერებების.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისთვის სწავლა ინდივიდუალური გამოცდილებაა და უნივერსიტეტის სტუდენტები სარგებლობენ ინდივიდუალიზებული განათლების მიდგომით. საგანმანათლებლო პროგრამები, გამოყენებული სწავლების მეთოდები და აქტივობები, ღრმა თეორიულ ცოდნასთან ერთად, ავითარებენ პრაქტიკულ უნარებს და ხელს უწყობენ საუნივერსიტეტო ღირებულებების გაზიარებას. უნივერსიტეტში სწავლება ეფუძნება სპირალურ კურიკულუმს, დანერგილია სწავლა კეთებით და სწავლა სწავლებით. უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული დაწესებულებები, მათ შორის, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი და სხვადასხვა კლინიკა უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის სამუშაო გამოცდილებით.

კვლევა უნივერსიტეტისთვის წარმოადგენს მისი მიზნის, საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანისა და გლობალური გამოწვევების გადაჭრის ხელშეწყობის ერთ-ერთ ინსტრუმენტს. უნივერსიტეტის ლაბორატორიები რეგიონში წამყვანი ტექნოლოგიებით მოიცავს ცაისის მიკროსკოპიის საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრს, ბიომედიცინის კვლევით ლაბორატორიასა და სისხლის ბანკს, გენეტიკის ლაბორატორიას. უნივერსიტეტის პუბლიკაციები, სამეცნიერო ჟურნალები ფარავს სხვადასხვა მიმართულებას, როგორიცაა ევროპული ინტეგრაცია, სასამართლო რეფორმები, კულტურა და საზოგადოება.

უნივერსიტეტი მრავალფეროვანი სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი, უნივერსიტეტის მფლობელობაშია ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, სტომატოლოგიური, რეაბილიტაციისა და დერმატოლოგიის ცენტრები, რითიც ხელს უწყობს საზოგადოების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ასევე ხელმისაწვდომობას ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე. უნივერსიტეტის ინიციატივებს შორისაა უფასო ჯანმრთელობის შემოწმების პროგრამები, როგორიცაა ქალთა პერსონალიზებული ჯანმრთელობის პროგრამა. უნივერსიტეტი ასევე ფლობს საქართველოში პირველ არაკომერციულ სისხლის ბანკს.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკისა და სამუშაო ბაზრის განვითარებას. უნივერსიტეტი აერთიანებს ათ შვილობილ კომპანიას და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწარაფად მზარდ მეწარმე უნივერსიტეტს რეგიონში. უნივერსიტეტის შვილობილი კომპანიები, განსხვავებული პროფილის მიუხედავად, ემსახურებიან უნივერსიტეტის მისიის აღსრულებას. მაგალითად, ნიუ ვიჟენ ლიზინგი ხელს უწყობს განახლებადი ენერგიის გამოყენებას მზის ენერგიის პანელების დაფინანსებით. 

უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი საზოგადოებას უფასო იურიდიულ სერვისებს სთავაზობს და ზრდის ხელმისაწვდომობას იურიდიულ სერვისებზე. იურიდიული ეთიკის მიმართულება კი ხელს უწყობს პროფესიული სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სტანდარტების დამკვიდრებას.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისთვის სპორტი სოციალური ცვლილებბეისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობის საშუალებაა. ის მხარს უჭერს როგორც პროფესიულ, ასევე სამოყვარულო სპორტს და მოწყვლადი ჯგუფების სპორტულ აქტივობებში ჩართულობას.უნივერსიტეტი ფლობს რეგიონულ ფეხბურთის გუნდს, საერთაშორისო საფეხბურთო აკადემიას ბავშვებისთვის ინტერნაციონალე მილანოსთან თანამშრომლობით და ფუტსალის გუნდს. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ასევე ბავშვთა პარასპორტის ასოციაციის თანადამფუძნებელია, საქართველოს პარაოლიმიურ კომიტეტთან ერთად.