Join nvu community in combating covid-19

გიორგი გრიგოლია

გიორგი გრიგოლია
პროფესორი ქირურგიის მიმართულებით
მედიცინა

გიორგი გრიგოლია მიუნხენის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია. ის გერმანიის ექიმთა ასოციაციის (DÄK), ბავარიის ექიმთა ასოციაციის (BLÄK), გერმანიის ქირურგთა საზოგადოების (DGCH), გერმანიის ზოგად და ვისცერულ ქირურგთა საზოგადოების (DGAV), გერმანიის ქირურგთა კავშირის (BDC) წევრი გახლავთ. ბატონი გიორგი მსოფლიო ქირურგთა ასოციაციის კანდიდატია (ISS/SIC).

გიორგი გრიგოლიამ 1999 წლის ივნისში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი და ამავე წლის ივლისის თვიდან გახდა საქართველოს რესპუბლიკის ლიცენზირებული ექიმი.

2000 - 2003 წლებში სტუმარი ექიმის და დოქტორანტის სტატუსით მუშაობდა მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (Ludwig Maximilians Universität LMU München) ცენტრალური კლინიკური ბაზის, კლინიკა გროსჰადერნის (Klinikum Grosshadern) ქირურგიულ განყოფილებაში.

2002 წლის თებერვალში გერმანიის ქალაქ დაჰაუში ჰეპატოლოგიის საერთაშორისო კონფერენციაზე დაჯილდოვდა საუკეთესო პოსტერის პრეზენტაციისთვის. პოსტერის თემა იყო: „ჰეპატოუჯრედული კარცინომის მკურნალობის შედეგებ”.

2004 წელს წარმატებით დაამთავრა სამეცნიერო ნაშრომი სადოქტორო თემაზე და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი დაიცვა.

2005-2012 წლებში ასისტენტ-ექიმად მუშაობდა მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ქირურგიულ კათედრაზე, ასევე მიუნხენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ცენტრალურ ბაზაზე, კლინიკა გროსჰადერნში, ქირურგიულ კლინიკასა და პოლიკლინიკაში.

2006-2012 წლებში მიუნხენის უნივერსიტეტის ქირურგიულ კათედრაზე მუშაობდა როგორც ტუტორი/დოცენტი, ამავე კათედრაზე მიმდინარე სტუდენტურ კურსებზე.

2006 წელს კვალიფიკაცია აიმაღლა დავოსის საერთაშორისო ლაპარასკოპიულ ცენტრში მიმდინარე ტრენინგზე. 2008, 2010 და 2014 წლებში კი კვალიფიკაცია აიმაღლა ქ. ტუტლინგენში არსებულ „ესკულაპის აკადემიის“ ლაპარასკოპიულ ცენტრში.

2007 წლიდან აქტიურად უძღვება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების და რეზიდენტების გაცვლით პროექტს მიუნხენის უნივერსიტეტის ცენტრალურ და აკადემიურ კლინიკებში. ასევე, 2014 წლიდან აქვე დააარსა პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელობის სტიპენდია, რომელიც ქირურგიაში განსაკუთრებული ცოდნის მქონე სტუდენტს გადაეცემა.

2008-2010 წლებში კლინიკა გროსჰადერნში მიმდინარე სონოგრაფიის საერთაშორისო შემსწავლელ კურსებზე დოცენტად მუშაობდა.

2008-2011 წლებში მიუნხენის უნივერსიტეტის ქირურგიის კათედრაზე მუშაობდა როგორც ექიმი-დოცენტი, ზოგადი ქირურგიის პრაქტიკული საქმინობის მიმართულებით.

2011-2019 წლებში გრიგოლია უძღვებოდა პერმანენტულ გასვლით სალექციო-პრაქტიკულ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუმარი ექიმი/პროფესორის სტატუსით.

2012 წლის აპრილში ბავარიის ექიმთა ასოციაციის მიერ მიენიჭა უმაღლესი კატეგორიის ზოგადი ქირურგის სტატუსი (Facharzt für Allgemeinchirurgie). 2012 წლის მაისიდან კი არის ლიცენზირებული ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, უმაღლესი კატეგორიის ზოგადი ქირურგი ვისცერული ქირურგიის მიმართულებით.

2013 წლიდან პროფესორ შტიგლერთან და პროფესორ იაუხთან ერთად გერმანიაში დააფუძნა ფონდი, გაცვლითი პროგრამა, რომელსაც მიენიჭა პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელი. ამ ფონდის საშუალებით, დაახლოებით, 450-მა სტუდენტმა და ახალგაზრდა ექიმმა მიიღო შესაძლებლობა, სტიპენდიატის სტატუსით, 3-თვით წასულიყო კვალიფიკაციის ასამაღლებლად მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის აკადემიურ კლინიკებში.

გიორგი გრიგოლიას 2013 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

2014-2015 წლებში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის აკადემიურ ბაზაზე, კლინიკა ვაილჰაიმში, იყო განყოფილების უფროსი ქირურგი.

2015 წლის სექტემბრიდან აქტიურად მუშაობს მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის აკადემიურ ბაზაზე, კლინიკა ფიურსტერნფელდბრუკში, ქირურგიული განყოფილების უფროსი ქირურგის თანამდებობაზე.

2019 წელს დაჯილდოვდა საპატიო სიგელით: „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“.

გიორგი გრიგოლია გახლავთ ავტორი და თანაავტორი 10 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც დაბეჭდილია როგორც ქართულ, ასევე, საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალებში.